პოლონეთის ახალი პრემიერი ხუთშაბათს დილით ზელენსკის შეხვდება
პოლონეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ შესაძლოა ვოლოდიმირ ზელენსკის ხუთშაბათს დილით შეხვდეს.
ამის შესახებ ტუსკმა ოთხშაბათს ბრიუსელში, ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის სამიტზე ჩასვლისთანავე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინულმა მხარემ ხვალ დილით შეხვედრა შესთავაზა.
"ტექნიკური დეტალები ჯერ კიდევ თანხმდება, მაგრამ ვფიქრობ პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა შედგება," - აღნიშნა ტუსკმა.
მან განაცხადა, რომ ჯერჯერობით უცნობია, როგორ მიიღებს ზელენსკი ევროკავშირის სამიტში მონაწილეობას.
"ამიტომ, მე არ ვარ მზად კონკრეტული, ტექნიკური პასუხის გასაცემად, სად და როდის, მაგრამ ვიტყვი, რომ მზად ვარ ასეთი შეხვედრისთვის და, შესაძლოა, ხვალ დილით ეს მოხდეს," - თქვა პოლონეთის პრემიერმა.
ტუსკმა აღნიშნა, რომ ზელენსკისთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. "და როდესაც მეგობრები მეპატიჟებიან, მეორე დღეს მე იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო," - თქვა მან.
დონალდ ტუსკის მთავრობამ ოთხშაბათს პრეზიდენტის სასახლეში ფიცი დადო და ოფიციალურად დაიწყო მუშაობა.
ტუსკი პოლონეთის პრემიერ-მინისტრის რანგში ხვალ ევროკავშირის ლიდერების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
Onet-ის ცნობით, უკრაინული მხარე მას უკვე ეპატიჟება კიევში და დაინტერესებულია, რომ ეს ვიზიტი რაც შეიძლება მალე შედგეს.