პოლონეთის პრეზიდენტი: იმედია უკრაინა მალე გახდება ევროკავშირის წევრი
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა მალე გახდება ევროკავშირის ნაწილი. ამის შესახებ მან 13 აპრილს კიევში, უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
"იმედი მაქვს, რომ უკრაინა მალე გახდება ევროკავშირის ნაწილი - როგორც თავისუფალი, სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც გადაწყვეტს საკუთარ ბედს და მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს", - აღნიშნა დუდამ.
მან ხაზი გაუსვა, რომ პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ უკრაინის მხარდასაჭერად.
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინისთვის, რომელიც არ არის ნატოს წევრი, მაგრამ ჩვენთვის ძმური სახელმწიფოა, რათა მხარი დავუჭიროთ მას, მხარი დავუჭიროთ უკრაინელებს, ვინც ჩვენს ქვეყნებშია და ვინც დღეს უკრაინაში რჩება და ვინც იბრძვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ, რათა უკრაინა გადარჩეს და იყოს დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელიც თავისუფლად განვითარდება, თავისი მოქალაქეების ნების შესაბამისად და გახდება დემოკრატიულ სახელმწიფოთა საზოგადოების ნაწილი, იქნება სხვადასხვა საერთაშორისო გაერთიანებების ნაწილი, პირველ რიგში ევროკავშირის წევრი", - თქვა დუდამ.
მან ასევე განაცხადა, რომ ყველა, ვინც დანაშაული ჩაიდინა უკრაინის წინააღმდეგ ომში და ყველა, ვინც გასცემდა მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის ბრძანებას, უნდა დაისაჯოს საერთაშორისო სასამართლოებში.