პოლონეთის პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნები 15 ოქტომბერს დანიშნა

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები 15 ოქტომბერს დანიშნა.

"მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში!

სეიმისა და სენატის არჩევნების შემოთავაზებულ თარიღთან დაკავშირებით სახელმწიფო საარჩევნო კომისიიდან ახლახან მიღებული დადებითი პასუხის თანახმად, გადავწყვიტე ეს არჩევნები 2023 წლის 15 ოქტომბერს დავნიშნო. პოლონეთის მომავალი თითოეული ჩვენგანის საქმეა! ისარგებლეთ თქვენი უფლებებით!" - დაწერა დუდამ ტვიტერზე.

არჩევნების თარიღის გამოცხადების მომენტიდან წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაზე არსებული რეგულაციები იწყებს მოქმედებას.

კონტექსტი

2023 წლის არჩევნებზე მმართველი პარტია კანონი და სამართლიანობა, სავარაუდოდ, 2014 წლის შემდეგ პირველად დაკარგავს უმრავლესობას.

საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, პირველ ადგილზე მმართველი პარტიაა 34.7%-ით, მას მოსდევს დონალდ ტუსკის სამოქალაქო პლატფორმა - 27.9%, მესამე ადგილზეა ულტრამემარჯვენე პარტია კონფედერაცია - 10.9%, მეოთხეზე ცენტრისტული კოალიცია მესამე გზა - 9.3% და მას მოსდევს მემარცხენე პარტიების გაერთიანება - 8.8%.

იმ შემთხვევაში, თუ კანონი და სამართლიანობა უმრავლესობისთვის საკმარის მანდატებს ვერ მოიპოვებს, არის შანსი, რომ მას ულტრამემარჯვენე და ანტიუკრაინული პარტია კონფედერაციის ხმები დასჭირდეს, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობებზე. პარტიის რეიტინგი ზრდა პოლონეთის რურალურ მოსახლეობაში უკრაინული ხორბლის იმპორტით არსებულმა უკმაყოფილებამ და მილიონზე მეტი უკრაინელი მიგრანტის მიღებამ გამოიწვია.

ცხადია, ამ ტიპის კოალიციის გარდა არსებობს ტუსკის პოლიტიკური ბლოკის, მესამე გზისა და მემარცხენე გაერთიანების მიერ მთავრობის ჩამოყალიბების შანსიც. 

მსგავსი სიახლეები