პოლონეთში "კანონისა და სამართლიანობის" პარტიის 8 წლიანი მმართველობა დასრულდა
პოლონეთის სეიმმა მატეუშ მორავიეცკის უმცირესობის მთავრობას ნდობა არ გამოუცხადა.
სეიმის 266-მა დეპუტატმა მორავიეცკის მთავრობას წინააღმდეგ მისცა ხმა, 190-მა დეპუტატმა კი - მხარი დაუჭირა.
სეიმის სხდომა დილის 10 საათზე დაიწყო. პირველი საკითხი იყო პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის გამოსვლა, რომელშიც მან შეაჯამა თავისი გუნდის წარმატებები და წარადგინა თავისი ხედვა. გამოსვლა საათზე ცოტა მეტს გაგრძელდა.
დეპუტატების გამოსვლის შემდეგ პარლამენტარებმა მას კითხვები დაუსვეს. დღის წესრიგის შემდეგი პუნქტი იყო მთავრობისადმი ნდობის გამოცხადება.
კენჭისყრის შემდეგ, სეიმის სპიკერმა შიმონ ჰოლოვნიამ შესვენება გამოაცხადა, რა დროსაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები დასახელდებიან.
დღის წესრიგის შემდეგი საკითხი იქნება პრემიერ-მინისტრის არჩევა და შემდგომი, ისევ 10 და 5 წუთიანი, ფრაქციების და ჯგუფების გამოსვლები. ახალი პრემიერის კენჭისყრა ადგილობრივი დროით 18:45-დან 19:00 საათამდე უნდა ჩატარდეს. ამის შემდეგ დეპუტატეპს გამოსვლისთვის კიდევ ერთი საათი ექნებათ.
არჩევნებში გამარჯვებული 3 ოპოზიციური პარტიისგან შემდგარი საპარლამენტო უმრავლესობა დონალდ ტუსკის მთავრობას მისცემს ხმას.
ტუსკის მთავრობა სრულად 13 დეკემბერს, პოლონეთის პრეზიდენტის წინაშე ფიცის დადების შემდეგ დაიწყებს მუშაობას.