პრაღის მახლობლად, სუპერმარკეტში 646 კგ კოკაინი აღმოაჩინეს

ჩეხეთის პოლიციის თანამშრომლებმა ქალაქ კლეჩანში, პრაღის მახლობლად, შაბათს შუადღისას ჩხრეკისას, სუპერმარკეტების ქსელ ალბერტის სადისტრიბუციო ცენტრში ბანანის პარტიაში 646 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს.

ამის შესახებ ČTK იუწყება.

სუპერმარკეტის საწყობის თანამშრომლები პალეტების გადმოტვირთვისას ნარკოტიკების ტვირთს წააწყდნენ და პოლიცია გამოიძახეს. ანალიზმა აჩვენა, რომ ეს კოკაინი იყო, რომელიც, სავარაუდოდ, ჩეხეთში ეკვადორიდან, ამსტერდამის გავლით ჩავიდა.

ჩეხური მედიის ცნობით, ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება დაახლოებით ორი მილიარდი კრუნია (83.14 მილიონი ევრო).

ჩეხმა დეტექტივებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, რათა გაარკვიონ, ვინ გამოგზავნა პაკეტი და ვისთვის იყო განკუთვნილი. დანაშაულის საერთაშორისო ხასიათიდან გამომდინარე, ჩეხეთი ინტერპოლთან და ევროპოლთან თანამშრომლობას გეგმავს.

ჩეხეთის ნარკოტიკების კონტროლის ეროვნული ცენტრი ვარაუდობს, რომ ამსტერდამში ლოგისტიკური შეცდომის გამო, შეიძლება კოკაინი კლეჩანის სადისტრიბუციო ცენტრში მოხვედრილიყო.

სუპერმარკეტების ქსელ ალბერტში განაცხადეს, რომ სამართალდამცავებთან თანამშრომლობენ, თუმცა ვითარებაზე დეტალურ კომენტარს არ აკეთებენ.

მსგავსი სიახლეები