პრაღის ცენტრში შეიარაღებული პირის თავდასხმას 15 ადამიანი ემსხვერპლა
ჩეხეთის პოლიციის უფროსის, მარტინ ვონდრაშეკის თქმით, პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტის შენობასთან შეიარაღებული პირის თავდასხმას მსხვერპლთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა.
24 ადამიანი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ვონდრაშეკის თქმით, შემთხვევის ადგილზე ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება - პოლიციელები მიმდიბარე ტერიტორიაზე ასაფეთქებელ ნივთიერებებს ეძებენ.
ჩეხეთის პოლიციის უფროსმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ უწყებას ჰქონდა ინფორმაცია მსროლელზე, 24 წლის მამაკაცზე, რომელიც დილის საათებში სოფელ გოსტოუნიდან დედაქალისკენ წამოვიდა, სოფელში იპოვეს მამაკაცის გვამი, რომელიც თავდასმხმელის მამა აღმოჩნდა. პოლიციას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა კაცი თვითმკვლელობას გეგმავდა.
ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარს შემზარავი ტრაგედია უწოდა და განაცხადა, რომ საერთაშორისო ტერორიზმის კვალი არ არსებობს.
კონტექსტი
ავტომატური შაშხანით შეიარაღებული 24 წლის დავიდ კოზაკი უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფაკულტეტის შენობის აივნიდან გამვლელებს ესროლდა. ოპერაციის ფარგლებში დამნაშავე ლიკვიდირებულია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით თავდამსხმელმა თავი მოიკლა.