პრობლემური საკითხების გამო კიევი არაა მზად მოაწეროს ხელი შეთანხმებას აშშ-სთან

ვოლოდიმირ ზელენსკი არ არის მზად მოაწეროს ხელი იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან - მიზეზი განახლებულ ხელშეკრულებაში არსებული პრობლემური საკითხებია. 

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის გარემოცვაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ბრიტანული მაუწყებელი Sky News ავრცელებს. 

წყაროს ცნობით, პრეზიდენტი ზელენსკი არ მოაწერს ხელს შეთანხმების არსებულ ვერსიას - "ამჟამინდელი ვერსია არ ასახავს ქვეყნებს შორის ორმხრივ პარტნიორობას და მოიცავს კიევის ცალმხრივ ვალდებულებებს"- ამბობს წყარო გამოცემასთან საუბარში. 

კონტექსტი 

სწორედ იშვიათი მინარალების ათვისების შესახებ ხელმოწერაზე უარის შემდეგ დაიძაბა აშშ-სა და უკრაინის ურთიერთობები. 

საუბარია უკრაინის იშვიათი მინერალების ათვისების შესახებ შეთანხმებაზე, რომელზე ხელმოწერის უარმა ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან დონალდ ტრამპის მწვავე პერსონალური თავდასხმები გამოიწვია.

დაძაბულობამ საჯარო სივრცეში 18 თებერვალს გადმოინაცვლა, როდესაც დონალდ ტრამპმა პრაქტიკულად გაიმეორა რუსული პროპაგანდის გზავნილები და ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა ვოლოდიმირ ზელენსკის დააკისრა. ამავე პოსტში ტრამპმა უკრაინაში ახალი არჩევნების აუცილებლობაზეც მიანიშნა.

ტრამპის საპასუხოდ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს.

ამას ტრამპის კიდევ უფრო მწვავე და უსაფუძვლო კრიტიკა მოჰყვა - საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა ზელენსკის უწოდა "დიქტატორი არჩევნების გარეშე." ტრამპი ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე წერდა, რომ ზელენსკის მხარდაჭერის რეიტინგი 4%-ს შეადგენს - კიევის სოციოლოგიური ინსტიტუტის ბოლო კვლევით ზელენსკის მხარს უჭერს მოსახლეობის 52%.

21 თებერვალს გამოცემა Axios საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ მხარეები შეთანხმების განახლებულ ვერსიას განიხივალდნენ, რომელშიც უკრაინისთვის ყველაზე პრობლემური საკითხების ნაწილი მოგვარდა. 

შეთანხმების შესახებ ოპტიმიზმს ავლენდა ვოლოდიმირ ზელენსკიც - კიევში დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინელმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა მზად იყო ეფექტური და ძლიერი შეთანხმებისთვის და რომ სამუშაო გრძელდებოდა. 

გასულ დღეებში ზელენსკის შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებდნენ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები - ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა 21 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმება უახლოეს მომავალში შედგებოდა. 

Wall Street Journal წერს, რომ შეთანხმებას შესაძლოა ხელი დღესვე მოეწეროს. 

კონსერვატიული Fox News-ის ცნობით, უკრაინამ შეთანხმებაში ახალი პუნქტები შეიტანა, რომლის განხილვაც ჯერ კიდევ გრძელდება, ხოლო შეთანხმების შემთხვევაში ხელშეკრულებას ხელს აშშ-ს მხრიდან სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და უკრაინის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიჰა მოაწერენ. 

მსგავსი სიახლეები