ПРОЕКТ: დაღესტნის სენატორმა რუსეთის პარლამენტში ადგილი $5 მილიონად იყიდა

დამოუკიდებელი რუსული მედია Проект-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რუსეთის პარლამენტის წევრმა, სულეიმან კერიმოვმა პოლიტიკური თანამდებობა $5 მილიონად იყიდა.

ჩაშლილად: მილიარდერი სულეიმან კერიმოვი 1999 წლიდან ფედერალური ყრილობის წევრია. ფედერალური ყრილობა რუსეთის პარლამენტია, რომელიც ორი პალატისგან - ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო დუმისგან შედგება.

  • კერიმოვი სახელმწიფო დუმის წევრი 1999 წელს გახდა. არჩევნებში ის "ჟირინოვსკის ბლოკის" სიაში მე-17 ადგილს იკავებდა. ადგილისთვის მანდ $5 მილიონი გადაიხადა. ინფორმაცია Проект-ს მილიარდერის ორმა ახლობელმა დაუდასტურა. გარდა ამისა, საიდუმლო არ არის, რომ ჟირინოვსკი საკუთარ პარტიაში ადგილებს ყიდიდა. 
  • მილიარდერი პარლამენტში ჟირინოვსკის დახმარებით შემთხვევით არ მოხვედრილა, იმ დროისთვის კერიმოვს პოლიტიკოსთან ბიზნესი აკავშირებდა. კერიმოვი და ჟირინოვსკი ერაყიდან დასავლეთის ქვეყნებში ნავთობის გაყიდვით იყვნენ დაკავებულები.
  • კერიმოვი 2007 წლის ბოლომდე დუმის წევრი იყო. ამ პერიოდში ის 20-მდე კანონპროექტის თანაავტორი გახდა. დმიტრი მედვედევის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დუმაში მისი ადგილი აღარ იყო, ვინაიდან საკანონმდებლო ორგანო ახალი პრეზიდენტის რჩეულებმა გაინაწილეს. 
  • მილიარდერს ფედერაციის საბჭოში მოუწია გადასვლა. ამჯერად ადგილის შეძენა 2-ჯერ მეტი დაუჯდა, ვინაიდან $5 მილიონი მოითხოვა საბჭოში დაღესტნის რესპუბლიკის წარმომადგენელმა ატაი ალიევმა, სწორედ მისი თანამდებობა დაიკავა კერიმოვმა. 
  • როგორც Проект-ის გამოძიებაში ვკითხულობთ, ფედერაციის საბჭოში კერიმოვს მუშაობა ნაკლებად სახალისო ეჩვენა, მას 18 წლის განმავლობაში არც ერთი კანონპროექტის დაწერაში არ მიუღია მონაწილეობა, ხოლო 2021 წლიდან მხოლოდ ერთხელ მიიღო პირადად კენჭისყრაში მონაწილეობა.

წინარე ისტორია: სულეიმან კერიმოვი სხვა ოლიგარქების მსგავსად 1990-2000-იან წლებში ნავთობპროდუქტების ვაჭრობით გამდიდრდა. Forbes-ის მონაცემებით, მისი ქონება $16 მილიარდს აღემატება. დასავლურ მედიაში მას "პუტინის მეგობარ ოლიგარქად" მოიხსენიებენ. 2018 წელს აშშ-მ კერიმოვის წინააღმდეგ სანქციები მიიღო.

მსგავსი სიახლეები