პუტინმა ფაშინიანთან მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება განიხილა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ყარაბაღში აზერბაიჯანის "ანტიტერორისტული ოპერაციის" დასრულებიდან ერთი დღის შემდეგ ისაუბრა.
ამ ინფორმაციას კრემლი და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სომხეთის მთავრობამ მოკლე განცხადებაში აღნიშნა, რომ პუტინმა და ფაშინიანმა განიხილეს ვითარება ყარაბაღში და "ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები."
კრემლი ამტკიცებს, რომ საუბარი სომხური მხარის ინიცირებული იყო და რუსეთის პრეზიდენტი მიესალმა ბაქოსა და არაღიარებულ მთიან ყარაბაღს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების "მიღწევას რუსი სამშვიდობოების აქტიური მონაწილეობით."
პუტინსა და ფაშინიანს შორის საუბარი ყარაბაღში აზერბაიჯანის "ანტიტერორისტული ოპერაციის" დასრულების შემდეგ შედგა.
კონტექსტი
19 სექტემბერს, აზერბაიჯანმა ყარაბაღის ტერიტორიაზე "ლოკალური ხასიათის ანტი-ტერორისტული ოპერაციის" დაწყების შესახებ გამოაცხადა. მთელი დღის განმავლობაში აზერბაიჯანი არაღიარებული მთავრობის სამხედრო ინფრასტრუქტურას საჰაერო დარტყმებით ანადგურებდა.
მალევე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად სომხური ფორმირებების განიარაღება და მთავრობის გაუქმება დაასახელა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის არმიამ ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეხების ხაზი გაარღვია და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძები დაიკავა.
21 სექტემბერს ყარაბაღის არაღიარებულმა მთავრობამ კაპიტულაცია გამოაცხადა.