პუტინმა ხელი მოაწერა დასავლეთის ‘საპასუხო’ სანქციებს
რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც „არამეგობრული ქვეყნების“ მიმართ „საპასუხო სპეციალური ეკონომიკური ზომების“ ამოქმედებას ითვალისწინებს.
განკარგულების თანახმად, რუსეთის მთავრობა ათი დღის ვადაში გამოაქვეყნებს იმ პირების სიას, რომლებზეც „საპასუხო სანქციები“ გავრცელდება.
პუტინის ბრძანებით, რუსეთის სამთავრობო უწყებებს და მოქალაქეებს სანქცირებულ პირებთან ბიზნეს- და ფინანსური ურთიერთობა აეკრძალებათ.
ასევე იკრძალება რუსული ნედლეულის და საქონლის ექსპორტი იმ შემთხვევაში, თუ ოპერაციიდან სარგებელს სანქცირებული პირი იღებს.
24 თებერვალს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთი მასშტაბური საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოექცა.
რამდენიმე მსხვილ რუსულ ბანკს აშშ-მ და სხვა დასავლურმა ქვეყნებმა „ყოვლისმომცველი“ (full blocking) სანქციები დაუწესა.
ევროკავშირში სულ უფრო მწიფდება კონსენსუსი რუსეთზე ენერგეტიკული ემბარგოს დადების შესახებ.
დასავლეთის სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ასობით რუსი პოლიტიკოსი, ოლიგარქი და პროპაგანდისტი.