პუტინმა უარი თქვა 30-დღიან ზავზე და უკრაინას "სტამბულის" რეანიმაცია შესთავაზა

ვლადიმირ პუტინმა უარი თქვა უკრაინისა და მისი დასავლელი პარტნიორების მიერ მოთხოვნილ 30-დღიან სრულფორმატიან ზავზე და უკრაინას 2022 წელს სტამბულში მიმდინარე სამშვიდობო პროცესის რეანიმირება შესთავაზა. 

State Of Play: ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა კრემლში გამართულ საგანგებო გამოსვლისას განაცხადა. საყურადღებოა, რომ პუტინი უკრაინისა და დასავლელი მოკავშირეების მოთხოვნას პირდაპირ არ გამოხმაურებია, თუმცა მისი განცხადების ტონიდან გასაგები იყო, რომ კრემლი არ დათანხმდა 30-დღიან ზავის წინადადებას. 

  • ამასთანავე ევროპული ქვეყნების მთავრობების აქტივობებს გასული დღეების განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტმა "თავხედური უწოდა." 

  • გამოსვლის მეორე ნახევარში პუტინმა უკრაინას "ყოველგვარი წინაპირობების გარეშე" პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზე, რა კონტექსტში 2022 წლის გაზაფხულზე მიღწეული "შეთანხმებები" ახსენა. 

  • პუტინის თქმით, შუამავლობის შესახებ სთხოვს თურქეთის პრეზიდენტს, რომელთან სატელეფონო საუბარს მალე გამართავს, ხოლო შეხვედრების დაწყება უკვე 15 მაისიდან იქნება შესაძლებელი. 

Big Picture: გამოსვლის გამხსნელ ნაწილში პუტინმა უკრაინა რამდენიმეჯერ დაადანაშაულა რუსეთის მიერ ინიცირებული მორატორიუმების დარღვევაში, მათ შორის სულ ბოლოს 9-11 მაისს. 

  • რუსეთის პრეზიდენტმა "არ გამორიცხა", რომ სტამბულში, პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების შემთხვევაში შესაძლოა ცეცხლის შეწყვეტის ახალ ფორმატებზე შეთანხმდნენ. 

  • "ჩვენ განწყობილები ვართ სერიოზული მოლაპარაკებებისთვის, რომელთა მიზანიც კონფლიქტის პირველადი მიზეზების მოგვარება იქნება, რომლის მიზანიც იქნება გრძელვადიანი, მყარი მშვიდობის ისტორიულ პერსეპექტივაზე გასვლა"- განაცხადა პუტინმა. 

Context: გერმანიის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს ლიდერების კიევში ვიზიტის შემდეგ, უკრაინამ და ევროპელმა მოკავშირეებმა რუსეთისგან 30-დღიან სრულფორმატიან ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმება მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ახალი სანქციების დაწესებით დაიმუქრნენ. 

  • საუბარია დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ინიციატივაზე, რომელსაც უკრაინა ჯერ კიდევ 11 მარტს, ჯედაში გამართულ შეხვედრაზე დასთანხმდა. 

  • რუსეთმა ზავის სანაცვლოდ დასავლეთის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების შეწყვეტა და ქვეყანაში მობილიზაციის შეჩერება მოითხოვა. 

Go Deeper: პუტინის საგანგებო გამოსვლის დასრულების შემდეგ, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ კრემლის მიერ ინიცირებული 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა დასრულებულია. 

მსგავსი სიახლეები