რა არის ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი
„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რუსული კანონის, ანტიდემოკრატიული ქმედებების, აშშ-ის და ევროპელი პარტნიორების წინააღმდეგ გავრცელებული ცრუ ბრალდებების გამო, შეერთებულმა შტატებმა საპასუხო ნაბიჯები გადადგა.
ამ ეტაპზე, საპასუხო ნაბიჯები მოიცავს საქართველოს მთავრობის წევრების, დეპუტატებისა და ძალოვანი სტრუქტურები მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების შემოღებას, ქართულ-ამერიკული მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებას და $95 მილიონზე მეტის ოდენობის ფინანსური დახმარების შეჩერებას, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 31 ივლისს დააანონსა.
6 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ ლუგარის ლაბორატორიასა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტს (NCDC) დაფინანსება შეუჩერდა, რამაც რიგი კვლევითი და საგანმანათლებლო პროგრამების შეჩერება გამოიწვია.
რა არის რიჩარდ გ. ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი, იგივე ლუგარის ლაბორატორია
ლუგარის ლაბორატორია - „ერთიანი მსოფლიო - ერთიანი ჯანდაცვა“ კონცეფციაზე წარმოქმნილი კვლევითი ცენტრია, რომელიც დაავადებების გამომწვევების მიმართ ინტეგრირებულ მიდგომას გულისხმობს. ლუგარის ბიო-უსაფრთხოების მე-3 დონის ლაბორატორიის ქოლგის ქვეშ გაერთიანებულია 22 სხვადასხვა სახის ლაბორატორია, რაც მას რეგიონულ მნიშვნელობას ანიჭებს.
ლუგარის კვლევითი ცენტრი საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით აშენდა, რომლის მიზანი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით არსებული იმ გამოწვევების დაძლევაა, რომლის წინაშეც საქართველო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღმოჩნდა.
ცენტრის მშენებლობა 2004 წელს დაიწყო და მას საფუძვლად უდევს სამი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება:
1. აშშ-საქართველოს მთავრობებს შორის 1997 წელს ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულება, რომელიც მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობისა და თავდაცვითი/სამხედრო კავშირების გაღრმავებას მოიცავდა;
2. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2002 წელს გაფორმებული შეთანხმება „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“;
3. საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2004 წლის მარტში დადებული შეთანხმება.
სწორედ, ამ უკანასკნელი ხელშეკრულების საფუძველზე პირველად იწყება საუბარი ცენტრალიზებულ ლაბორატორიებზე, და რომლის მიხედვითაც, აშშ საქართველოსთან ფინანსურ ვალდებულებებს იღებს.
2004 წლიდან 2012 წლამდე ლაბორატორიის მშენებლობის პარალელურად, ლაბორატორიის ინსტიტუციური განვითარების ძირითადი ინფრასტრუქტურის შექმნის ფაზა მიმდინარეობდა, რომელიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ხელშეწყობით ხორციელდებოდა.
ლუგარის კვლევითი ცენტრი 2012 წლის აგვისტოში ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიას სენატორი ლუგარიც ესწრებოდა. გახსნის დღიდან მოყოლებული, ადამიანისა და ცხოველთა ჯანმრთელობის და ბიოუსაფრთხოების სფეროში ფინანსური და ტექნიკური დახმარების პროგრამებში, დაახლოებით 350 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდა.
რა ფუნქცია აკისრია ლუგარის ლაბორატორიას?
ლუგარის კვლევითი ცენტრის მთავარ ფუნქციას ადამიანების და ცხოველთა საშიში ბაქტერიების/ვირუსების აღმოჩენა და კვლევა წარმოადგენს. ლაბორატორიაში წლების განმავლობაში ასზე მეტი სამეცნიერო კვლევა ჩატარდა, განხორციელდა მნიშვნელოვანი პროგრამები, მათ შორის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა.
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) რეგიონულმა დირექტორმა, ჩარლს ვიტეკმა, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საუბრისას განაცხადა, რომ ლუგარის კვლევითი ცენტრის მიზანია “აწარმოოს ისეთი ლაბორატორიული ტესტირებები, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხოებისთვისაა მნიშვნელოვანი“.
ჩარლს ვიტეკი ხაზს უსვამს ქვეყნის უნარს სხვადასხვა სახის ბიოლოგიური თუ ქიმიური საშიშროებების აღმოჩენასა და მართვაში.
„ქვეყანას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ გამოავლინოს დაავადება, გაუწიოს მონიტორინგი, თუ რა ტიპის დაავადებები ცირკულირებს მოსახლეობაში და როდის უნდა შემოიღოს კონკრეტული ზომები, აწარმოოს ვირუსებზე მოლეკულური დაკვირვებები, რათა გამოავლინოს, ხომ არ არსებობს ამ ვირუსების ახალი ვარიანტები ან გავრცელების გზები, აკონტროლოს ისეთი საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, გარემოში საშიში ქიმიური ელემენტების შემცველობა და რაოდენობა“ - ამბობს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონული დირექტორი.
ზაზა დობორჯგინიძე, კომპიუტერული კოგნიტიური ნეირომეცნიერების მაგისტრი და დიპლომირებული მედიკოსი რეალპოლიტიკასთან საუბარში ამბობს, რომ ლუგარის კვლევით ცენტრს სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქცია აკისრია ადამიანების და ცხოველების ჯანმრთელობის მიმართულებით. მისი თქმით, ცენტრმა წლების განმავლობაში 160-ზე მეტი სამეცნიერო პროექტი ჩაატარა.
„ჯილეხი - იგივე ციმბირული წყლული, რომელიც ადამიანისთვის და ცხოველისთვის საშიში პათოგენია, სწორედ, ლუგარის ლაბორატორია უწევდა მონიტორინგს და აღმოაჩინა, რომ ნიადაგში ჯილეხის რაოდენობა 10%-დან 15-%-მდე იყო გაზრდილი; გარდა ამისა, ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული 200-ზე მეტი შტამი აღმოაჩინა, რომელიც დღეისათვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს“ - აცხადებს დობორჯგინიძე.
ლუგარის კვლევითი ცენტრის ყველაზე დიდ წარმატებად C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ითვლება. ჩარლს ვიტეკის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, საქართველო C ჰეპატიტთან ბრძოლის მსოფლიო ლიდერ ქვეყნად აღიარეს.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკის მიხედვით, 2015 წლიდან 2022 წლის 30 ივნისი მდგომარეობით, 78,000 პაციენტიდან, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩაერთო, 99% განიკურნა.
ლუგარის კვლევით ცენტრს უმნიშვნელოვანესი როლი ეკავა კოვიდ-პანდემიის პერიოდში. სწორედ, აქ დაიწყო ვირუსის აღმოჩენის ტესტირებები, რამაც პანდემიასთან ბრძოლა უფრო მარტივი გახადა.
„კოვიდ-პანდემიის პერიოდში ამ შესაძლებლობამ უკიდურესად მნიშვნელოვანი ფუნქცია შეიძინა. სწორედ, ამ ლაბორატორიამ დაიწყო კოვიდ-ტესტირებები, აწარმოებდა ხარისხის კონტროლს, თუ როგორ ტარდებოდა ტესტირებები და თვალყურს ადევნებდა ყველა იმ კოვიდ-ვარიანტს, რომლის შესახებაც გვსმენია: ალფა, დელტა, ომიკრონი. ასე გადაიქცა საქართველო რეგიონში ლიდერად, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა, როგორც დიაგნოზის დასმის, ასევე კოვიდის სხვადასხვა ვარიანტის გამოვლენაში“ - აცხადებს ვიტეკი.
გარდა კვლევითი საქმიანობისა, ლუგარის ლაბორატორია მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამებსაც, რომელიც ახალი სპეციალისტების მომზადებას და არსებულის გადამზადებას გულისხმობს. ლაბორატორიას აქვს უნიკალური აპარატურა, რომლებსაც არამხოლოდ ცენტრის თანამშრომლები იყენებენ, არამედ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და მკვლევრები.