რადამ უკრაინაში რუსი ოკუპანტების ქმედებები უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა
უკრაინის უმაღლესმა რადამ 14 აპრილს გამართულ სხდომაზე მიიღო რეზოლუცია No7276 "რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში გენოციდის ჩადენის შესახებ".
შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი 363-მა სახალხო დეპუტატმა დაუჭირა.
"რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი ქმედებები არ არის მხოლოდ აგრესია, არამედ მიზნად ისახავს უკრაინელი ხალხის სისტემატურ და თანმიმდევრულ განადგურებას, მათვის იდენტობის, თვითგამორკვევისა და დამოუკიდებელი განვითარების უფლების ჩამორთმევას." - ნათქვამია დოკუმენტის განმარტებით ბარათში. "ეს დაუყოვნებლივ მოითხოვს რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებების უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებას."
რადას რეზოლუცია ითვალისწინებს მიმართვის გაგზავნას გაეროში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ევროპარლამენტში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, უცხო სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებში რუსეთის ქმედებების გენოციდად აღიარებასთან დაკავშირებით.