რაფაელ გლუკსმანი: ევროპამ არ უნდა დაუშვას სააკაშვილის ციხეში სიკვდილი
ფრანგი ევროპარლამენტარი, რაფაელ გლუკსმანი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა.
როგორც ფრანგი პოლიტიკოსი წერს, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა "საგანგაშო ტემპით უარესდება" და ევროპამ მისი საპატიმროში სიკვდილი არ უნდა დაუშვას.
"მიხეილ სააკაშვილი ვერცხლისწყლითა და დარიშხანით მოწამლეს - ამას ნათლად ამბობენ მეცნიერები, ვინც მისი ფრჩხილები და თმა გამოიკვლიეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო ტემპით უარესდება".
რაფაელ გლუკსმანის თანახმად, ევროპამ პუტინის ნომერ პირველი მტრის პატიმრობაში სიკვდილი არ უნდა დაუშვას:
"ევროპას უბრალოდ უფლება არ აქვს, დაუშვას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ციხეში სიკვდილი, ვინც 10 წელი პუტინის ნომერ პირველი მტერი იყო და ვინც ამაოდ აფრთხილებდა ჩვენს მთავრობას რუსული საფრთხის შესახებ".
რაფაელ გლუკსმანმა 2018 წელს საფრანგეთში საკუთარი პოლიტიკური პარტია, Place Publique დააფუძნა. 2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში ის ფრანგი სოციალისტების სიის პირველი ნომერი იყო, რის შემდეგაც ევროპარლამენტარი გახდა. 2005-2012 წლებში რაფაელ გლუკსმანი მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი იყო.