Reuters: პუტინი მზად არის ომი ფრონტის ამჟამინდელ პოზიციებზე შეაჩეროს
რუსეთის პრეზიდენტი მზად არის, ფრონტის ამჟამინდელ პოზიციებზე ომი შეაჩეროს, მაგრამ შეუძლია ომი გააგრძელოს, თუკი დასავლეთი მის შეთავაზებას უყურადღებოდ დატოვებს. ამასთანავე, ოკუპირებული ტერიტორიების უკრაინისთვის დაბრუნება განხილვას არ ექვემდებარება.
ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
4 წყაროს ცნობით, გასულ თვეებში, ვლადიმირ პუტინმა, რამდენიმეჯერმე გამოხატა უკმაყოფილება საკუთარ მრჩევლებთან - მათი თქმით, პუტინი იმედგაცრუებულია, რომ დასავლეთი კიევს არ აიძულებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას.
წყაროები ირწმუნებიან, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში, ეს კრემლის მხრიდან დასავლეთისთვის გაგზავნილი მეორე "სამშვიდობო" სიგნალია.
გამოცემასთან საუბარში ანონიმური წყაროები ამბობენ, რომ პუტინს სჯერა, რომ უკრაინასთან ომში მიღწეულ წარმატებებს რუსეთის მოსახლეობას გამარჯვებად "მიჰყიდის". ასევე, პუტინი იაზრებს, რომ მის არმიას უფრო მეტის მიღწევა მხოლოდ მობილიზაციის ხელახალი ტალღის შემდეგ შეუძლია.
მობილიზაციის პირველ ტალღას 2022 წლის სექტემბერში პუტინის რეიტინგის საგრძნობი კლება მოჰყვა - წყაროები ამბობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტს არ სურს ამის გამეორება.
ომის შეჩერების სურვილის ერთ-ერთ მიზეზად წყაროები დაბრუნებული ვეტერანების დიდ რაოდენობას ასახებელენ - ისინი უკმაყოფილეობი არიან თავიანთი პერსპექტივებით, ეს კი, შესაძლოა, საზოგადოებაში დაძაბულობის წყარო გახდეს.
ამასთანავე, საინფორმაციო სააგენტოს ოთხივე წყარო ამბობს, რომ დასავლეთის უყურადღებობის შემთხვევაში ის მზად არის ომი გააგრძელოს - "პუტინი მზად არის იმდენ ხანს იომოს, რამდენიც საჭირო იქნება".
პუტინის პრინციპული პოზიციაა, რომ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების დაბრუნების საკითხი განხილვას არ ექვემდებარებოდეს.
"პუტინი იტყვის, რომ ჩვენ ნატო დაგვესხა თავს და დავიცავით ჩვენი სუვერენიტეტი, რომ ჩვენ გვაქვს ყირიმთან დამაკავშირებელი სახმელეთო კორიდორი"- ამბობს ერთ-ერთი წყარო.
Reuters-თან საუბარში რუსეთის პრეზიდენტის მზაობა ომის შესაჩერებლად დაადასტურა მისმა პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმაც.
გამოცემასთან საუბარში სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტს უნდა ეფუძნებოდეს.
"კრემს ჯერ კიდევ არ გამოუხატავს სერიოზული მზაობა ომის შესაწყვეტად, ზუსტადაც, რომ პირიქით".
კონტექსტი
გასული წლის შემოდგომაზე New York Times წერდა, რომ პუტინმა დასავლეთს "შეუთვალა" მზაობა ომის შესაწყვეტად, თუ სამშვიდობო შეთანხმება უკვე ოკუპირებულ უკრაინულ მიწებზე მოსკოვის კონტროლს აღიარებდა. გამოცემის წყაროები ამბობდნენ, რომ პუტინი ასეთი ტიპის შეთანხმებისთვის საუკეთესო დროდ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების ირგვლივ პერიოდს მოიაზრებდა.
ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების დღიდან გამორიცხავს რუსეთთან ნებისმიერ ტერიტორიულ კომპრომისს და 1991 წლის საზღვრების აღდგენის პირობას დებს.