Reuters: რუსეთი ჰუსიტებისთვის ზებგერითი საზღვაო რაკეტების გადაცემას აპირებს
რუსეთი ჰუსიტებისთვის ზებგერითი საზღვაო რაკეტების გადაცემის შესახებ მოლპარაკაბებს აწარმოებს, პროცესში კი შუამავალი ირანია.
ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, საუბარია П-800-ის ტიპის (ОНИКС) რაკეტებზე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება კრემლს ჯერ არ მიუღია. დასავლური დაზვერვის წყაროების ცნობით მოლაპარაკებები ირანის შუამავლობით ჯერ კიდევ ებრაჰიმ რაისის პრეზიდენტობის დროს დაიწყო.
დასავლელი ანალიტიკოსების შეფასებით ამ ტიპის რაკეტები ჰუსიტებს დასავლურ გემებზე უფრო ზუსტი დარტყმების საშუალებას მისცემდა, რაც გაზრდიდა დასავლური კომპანიებისთვის ნაოსნობის რისკს წითელ ზღვაში.
Reuters-თან საუბარში ამერიკელი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ რუსეთსა და ჰუსიტებს შორის დაწყებული მოლაპარაკებებით კრემლი ცდილობს დასავლეთის შეკავებას, რათა მათ არ მოხსნან უკრაინისთვის დაწესებული შეზღუდვები სხვადასხვა ტიპის რაკეტების გამოყენების არეალზე.
თემაზე საუბრისას მიმდინარე წლის ივნისში ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ვითარების შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში მზად იქნება "კოლექტიური დასავლეთის" მოწინააღმდეგე აქტორებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შორი რადიუსის შეიარაღება მიაწოდოს.