რეზნიკოვი: F-16-ებზე უკრაინელი პილოტების წვრთნა აგვისტოდან დაიწყება
ვილნიუსში მიმდინარე ნატოს სამიტზე 11 ქვეყნისგან შემდგარმა კოალიციამ მიაღწია თანხმობას უკრაინელი პილოტების წვრთნის გრაფიკთან დაკავშირებით.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
"დღეს უკრაინამ და თერთმეტმა პარტნიორმა სახელმწიფომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც აყალიბებს პირობებს. განსაკუთრებით მადლიერი ვარ დანიისა და ნიდერლანდების ამ პროცესში უპირობო ლიდერობისთვის",- განაცხადა რეზნიკოვმა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, მემორანდუმი ითვალისწინებს არამხოლოდ უკრაინელი პილოტების, არამედ ტექნიკური სპეციალისტების წვრთნასა და მომზადებას.
უკრაინელი პილოტების წვრთნაში მონაწილე ქვეყნების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება: დანია, ნიდერლანდები, ბელგია, კანადა, ლუქსემბურგი, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი.
მოსალოდნელია, რომ წვრთნის პროცესი აგვისტოში, დანიის ტერიტორიაზე დაიწყება. გასულ კვირებში დასავლურ პრესაში იწერებოდა, რომ უკრაინელი პილოტების წვრთნისა და მომზადების ცენტრის დაფუძნება რუმინეთში განიხილება. რუმინეთის მთავრობამ მსგავსი სურვილის შესახებ მოგვიანებით განაცხადა.