Rheinmetall ბერლინს უკრაინისთვის 100 Marder-ის გადაცემის ნებართვას სთხოვს
გერმანული თავდაცვის კონცერნის Rheinmetall-ის შვილობილმა კომპანიამ ბერლინის ფედერალურ მთავრობას ნებართვის თხოვნით მიმართა, რათა კიევს 100 Marder-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანა მიაწოდონ. ინფორმაცია შაბათს, 23 აპრილს, გაზეთმა Welt am Sonntag-მა გაავრცელა.
გამოცემის ცნობით, მოთხოვნა გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ მიიღო და დაუყოვნებლივ გადასცა უშიშროების ფედერალურ საბჭოს, რომელშიც გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის გარდა, შედიან ფედერალური კანცლერის აპარატის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, ფინანსთა, ეკონომიკის და იუსტიციის მინისტრები.
გაზეთის ცნობით, უახლოეს დღეებში ამ ორგანომ უნდა გადაწყვიტოს მზად არის თუ არა ბერლინი გერმანიიდან უკრაინაში მძიმე იარაღის მიწოდებისთვის. Welt am Sonntag-ის ცნობით, ეს პირველი მსგავსი მოთხოვნაა.
გაზეთი აცხადებს, რომ Rheinmetall Landsysteme მზად არის ჯავშანმანქანა უკრაინას "რაც შეიძლება სწრაფად" მიჰყიდოს. უფრო მეტიც, პირველი პარტია კიევში შეიძლება "რამდენიმე კვირაში" ჩაიტანონ.
ცოტა ხნის წინ ბუნდესვერის გენერალური ინსპექტორის მოადგილემ მარკუს ლაუბენტალმა უარყო კიევისთვის მძიმე იარაღის მიწოდების შესაძლებლობა.
"თუ Marder-ები კიევში გაიგზავნება, ბუნდესვერს არაფერი დარჩება ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის, თუ მხარდაჭერა იქნება საჭირო", - 20 აპრილს განაცხადა ლაუბენტალმა ZDF-თან.