Rheinmetall გერმანიის არმიისთვის €4 მილიარდის ღირებულების სატანკო ჭურვებს დაამზადებს
გერმანიის ბუნდესვერმა Leopard 2-ის ტანკებისთვის Rheinmetall-ს დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა შეუკვეთა, რომლის ღირებულებაც 4 მილიარდ ევრომდეა.
ამის შესახებ Rheinmetall-მა საკუთარ ვებსაიტზე განაცხადა.
Rheinmetall ბუნდესვერისთვის 120 მმ-იანი სატანკო საბრძოლო მასალის მთავარი მიმწოდებელია.
განცხადების თანახმად, 2020 წლიდან საბრძოლო მასალის მიწოდების მიმდინარე ჩარჩო ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც 556 მილიონ ევრომდე იყო, დაახლოებით 4 მილიარდამდე გაიზარდა.
"შეკვეთა გამოხატავს შეიარაღებული ძალების სურვილს, დაფაროს ნებისმიერი ხვრელი, რომელიც წარმოიშვა მათ მარაგებში და გაზარდოს საბრძოლო მასალის საერთო მარაგი უსაფრთხოების სიტუაციის გათვალისწინებით," - ხაზგასმით აღნიშნა კომპანიამ.
ჩარჩო ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მნიშვნელოვანი რაოდენობის სატანკო ჭურვების მიწოდებას.
კომპანიის ცნობით, დაახლოებით 309 მილიონი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალის პირველი შეკვეთა უკვე დასრულებულია.
2030 წლის ბოლომდე, დადებული ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში, შესაძლებელია რამდენიმე ასეული ათასი ჭურვის და სასწავლო საბრძოლო მასალის შეძენა.
კომპანიის განცხადებით, Rheinmetall-ისთვის კონტრაქტების ეს პაკეტი ნიშნავს საიმედო საბაზო დატვირთვას მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში სატანკო საბრძოლო მასალის წარმოებისთვის.
იანვარში გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის Leopard 2-ის ტანკების მიწოდებას დათანხმდა და ასევე სხვა ქვეყნებს მისცა ამ ტანკების უკრაინაში გაგზავნის უფლება.
ივლისში ცნობილი გახდა, რომ Rheinmetall უკრაინაში ჯავშანტექნიკის ქარხანას მომდევნო 12 კვირის განმავლობაში გახსნის.