რომის პაპი უნგრეთში უკრაინელ ლტოლვილებს შეხვდა
29 აპრილს რომის პაპი ფრანცისკე ბუდაპეშტის წმინდა ელისაბედის ეკლესიაში მივიდა, სადაც 600 ღარიბ და უსახლკარო ადამიანს, ასევე უკრაინიდან ლტოლვილებს შეხვდა. ამის შესახებ Reuters წერს.
ფრანცისკემ მადლობა გადაუხადა უნგრეთის ეკლესიას და მლოცველთა ჯგუფებს, რომ შეძლეს დახმარების ქსელის შექმნა უკრაინიდან მრავალი ლტოლვილის მისაღებად.
პაპი უკრაინელ ლტოლვილ ოლეგ იაკოვლევს ესაუბრა, რომელიც მეუღლესთან და ხუთ შვილთან ერთად იძულებული გახდა დნიპრო დაეტოვებინა.
"აღფრთოვანებით ვუსმენდი ოლეგის და მისი ოჯახის ისტორიებს; შენი "მოგზაურობა მომავალში" - სხვა მომავალი, ომის საშინელებისგან მოშორებით - სინამდვილეში დაიწყო "მეხსიერების მოგზაურობით წარსულში", რადგან ოლეგს ახსოვდა თბილი მისალმება, რომლითაც მას მრავალი წლის წინ დახვდნენ უნგრეთში, როცა მზარეულად სამუშაოდ ჩამოვიდა", - განაცხადა სასულიერო პირმა.
რომის პაპმა ფრანცისკემ ბუდაპეშტში მშვიდობისთვის ილოცა "დატანჯული მეზობელი უკრაინელი და რუსი ხალხისთვის." მან უნგრეთში ვიზიტის დროს 50 000-მდე ადამიანის თანდასწრებით ღია ცის ქვეშ მოედანზე ლოცვა აღავლინა. პონტიფიკოსმა მშვიდობა ითხოვა ყველაზე ტანჯული ადამიანებისთვის.