რუბიო და კელოგი ტრამპს ურჩევენ პუტინს მკაცრად მიუდგეს, თუმცა ის უიტკოფს ეთანხმება

დონალდ ტრამპის გუნდში რუსეთთან მიდგომის შესახებ განხეთქილებაა - სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და სპეცწარმომადგენელი, კიტ კელოგი პრეზიდენტს ურჩევენ გაამკაცროს მიდგომა, თუმცა ტრამპი უფრო მეტად სტივ უიტკოფის შეფასებას იზიარებს, რომ პუტინი მზად არის შეთანხმებისთვის.
State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Wall Street Journal ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დენ ფრიდი გაზეთთან საუბარში ამბობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი და ხაზინა უკვე მუშაობენ სანქციების გამკაცრების გეგმაზე.
- წყაროს ცნობით, რუბიო და კელოგი პრეზიდენტს ურჩევენ მეტი სიფრთხილით მოეკიდოს პუტინთან მოლაპარაკებებს და გაამკაცროს თავისი მიდგომა კრემლის მთავარ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას უკავშირდება.
- "მიუხედავად ამისა, ტრამპი კვლავ სტივ უიტკოფის პოზიციას იზიარებს, რომლის შეფასებითაც პუტინი მზად არის და მოწადინებულია სამშვიდობო შეთანხმებისთვის"- ნათქვამია მასალაში.
Big Picture: ავტორების შეფასებით, განსხვავებული მიდგომებს ასახავდა ადმინისტრაციის წევრების განსხვავებული რეაქცია ქალაქ სუმის ცენტრზე რუსეთის სარაკეტო დარტყმაზე, რომელსაც 35 ადამიანი ემსხვერპლა. თავად პრეზიდენტის, უსაფრთხოების საბჭოსა და თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ გამოხმაურებაში რუსეთი პირდაპირ არ იყო ნახსენები.
- ხოლო მარკო რუბიოსა და კიტ კელოგის კომენტარში ნათქვამი იყო, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმა შემზარავი და ტრაგიკულია და კვეთს წითელ ხაზებს.
- 14 აპრილს სალვადორის პრეზიდენტთან შეხვედრისას ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ბაიდენი და ზელენსკი, რომ ომი თავიდან ვერ აიცილეს, თუმცა განაცხადა, რომ მთავარი დამნაშავე პუტინია.
Context: რუსეთის მიმართ მიდგომის გამკაცრებას ემხრობა სენატიც - ამის დასტურია სენატორ ლინდსი გრემის მიერ დარეგისტრირებული ინიციატივა, რომელიც რუსული ნავთობის შესყიდვაზე 500%-იანი ტარიფის დაწესებას ითვალისწინებს - გრემის ცნობით, ინიციატივას სენატში უკვე ჰყავს 50 მხარდამჭერი.
- გაზეთის ცნობით, გრემმა ინიციატივა თეთრი სახლის თხოვნის მიუხედავად დაარეგისტრირა - სენატორს სთხოვეს ცოტა ხნით გადაედო პროცესი. ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სანქციების გამკაცრების გაფლანგვა არ სურთ, რადგანაც ეს მოლაპარაკებების პროცესში კრემლზე ზეწოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტია.
- 14 აპრილს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სრულფორმატიანი ზავის გასაფორმებლად რუსეთის პრეზიდენტს დედლაინი დაუწესა, მაგრამ არ გაამხილა კონკრეტული ვადები.
Go Deeper: რუბიო: ტრამპი არ გაეხვევა პუტინის უსასრულო მოლაპარაკებების მახეში