რუსებმა ოდესა შარლ მიშელის ვიზიტის დროს დაბომბეს
რუსმა დამპყრობლებმა ოდესა უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის შარლ მიშელის ერთობლივი ვიზიტის დროს დაბომბეს. ამის შესახებ 9 მაისს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა Telegram-ზე განაცხადა.
„ოდესა თითქმის ყოველდღიურად იბომბება რუსული რაკეტებით, ისევე როგორც დღეს - შარლ მიშელთან ჩემი შეხვედრის დროს“, - წერს შმიგალი.
მისი თქმით, ის და მიშელი იმყოფებოდნენ იმ სახლში, სადაც 23 აპრილს დაბომბვის შედეგად დაიღუპა ქალი, მისი სამი თვის ქალიშვილი და დედა.
"სამწუხაროდ, მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება. ჩვენ ვესტუმრეთ ერთ-ერთ ასეთ ადგილს - რუსული რაკეტით დანგრეული საცხოვრებელი კორპუსი, სადაც დაიღუპა სამი თვის გოგონა, დედა და ბებია. საშინელი მწუხარება დაატყდა ამ და ათასობით სხვა უკრაინულ ოჯახს. ჩვენ უნდა შევაჩეროთ რუსეთი და ვაიძულოთ ის წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე. ევროკავშირი ამ ბრძოლაში ჩვენთან არის“, - აღნიშნა პრემიერმა.
CNN ევროკავშირის წარმომადგენელზე დაწყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ შმიგალი და მიშელი "იძულებულნი გახდნენ შეეწყვიტათ შეხვედრა და თავშესაფარში ჩასულიყვნენ, რადგან ოდესის რეგიონი ისევ დაიბომბა."
ოდესის დაბომბვაზე Telegram-ზე ისაუბრა ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მარჩენკომაც. მან აღნიშნა, რომ დარტყმა განხორციელდა ანექსირებული ყირიმის ტერიტორიიდან.