რუსეთ-უკრაინის დელეგაციების შეხვედრა დასრულდა - რაზე მოილაპარაკეს მხარეებმა
სტამბულში, დოლმაბაღჩეს საპრეზიდენტო სასახლეში, რუსეთის და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა დასრულდა.
მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი თურქეთის შუამავლობით და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირადი ჩართულობით გაიმართა.
სტამბოლში გამართულ შეხვედრას როგორც რუსული, ასევე, უკრაინული მხარე ნაყოფიერად აფასებს და მიღწეულ პროგრესზე საუბრობენ.
გთავაზობთ მხარეების მიერ შესაძლო შეთანხმების შესახებ გავრცელებულ კომენტარებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.
მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი შესაძლოა 29 მარტის საღამოს გაიმართოს.
უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის
უკრაინა ნეიტრალიტეტის და საკუთარ ტერიტორიაზე უცხოური ბაზების განლაგებაზე უარის თქმის სანაცვლოდ უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებზე ხელშეკრულების დადებას მოითხოვს.
უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის, დავიდ არახამიას თქმით, უკრაინამ რუსეთს წარუდგინა უსაფრთხოების გარანტიების პირობები და ასევე, იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებსაც ხელშეკრულების გარანტორებად მოიაზრებს.
კიევის პოზიციით, ასეთი სახელმწიფოები შეიძლება იყვნენ: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, პოლონეთი, თურქეთი, კანადა, ისრაელი.
უკრაინა შეთანხმებაში ნატოს მეხუთე მუხლის მსგავს ფორმულირების შეტანას მოითხოვს, რომლის თანახმადაც უკრაინას რუსეთის აგრესიის შემთხვევაში კონსულტაციების მოთხოვნის უფლება აქვს. თუ კონსულტაციები სამი დღის განმავლობაში ნაყოფს ვერ გამოიღებს, გარანტორ ქვეყნებს უკრაინის შეიარაღებით დახმარების ვალდებულება აქვთ - რაც, შესაძლოა, უკრაინაში არასაფრენი ზონის გამოცხადებას მოიცავდეს.
უკრაინული დელეგაციის ცნობით, ჩამოთვლილიდან ზოგმა სახელმწიფომ უკვე გამოთქვა წინასწარი მზაობა გარანტორობასთან დაკავშირებით.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ გარანტიების ხელშეკრულების ამოქმედებამდე უკრაინაში სახალხო რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, რის შემდეგადაც ხელშეკრულების ტექსტის რატიფიკაცია უკრაინის და გარანტორი ქვეყნების პარლამენტებმა უნდა მოახდინონ.
დავით არახამიას თქმით, მსგავსი რეფერენდუმის ჩატარება მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, მშვიდობიან ვითარებაშია შესაძლებელი.
უსაფრთხოების გარანტიები არ შეეხება ყირიმის და ოკუპირებული დონბასის ტერიტორიებს. ამ საკითხის დარეგულირებას კიევი და მოსკოვი შეთანხმებისგან განცალკევებით აპირებენ.
ყირიმი და დონბასი
უკრაინის და რუსეთის დელეგაციები ყირიმის და დონბასის პუნქტების დანარჩენი შეთანხმებისგან ცალკე განხილვაზე შეთანხმდნენ.
მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, ყირიმის საკითხთან დაკავშირებით უკრაინა რუსეთს პოზიციების „დაფიქსირებას“ სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც მომდევნო 15 წლის განმავლობაში ნახევარკუნძულის სტატუსის შესახებ ორმხრივი მოლაპარაკებები ჩატარდება.
ამ ხნის განმავლობაში კიევი ყირიმზე კონტროლის აღსადგენად შეიარაღებული ძალის გამოყენებაზე ოფიციალურად იტყვის უარს.
დონბასის ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსის განხილვა უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრაზე უნდა მოხდეს, ამბობს პოდოლიაკი.