რუსეთი ყირგიზეთს ისტორიის სახელმძღვანელოებში ტერმინ "კოლონიაზე" უარის თქმას ითხოვს
მოსკოვში ყირგიზეთის ისტორიის სახელმძღვანელოები გააკრიტიკეს და მოუწოდეს, უარი თქვას ტერმინ "კოლონიაზე," რადგან ის საბჭოთა კავშირში რუსეთის როლის გარშემო "ნეგატიურ კონოტაციას" ქმნის. დავა ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე გამწვავდა, რომელიც რუსეთის სამხედრო-ისტორიულ საზოგადოებაში გაიმართა.
ვითარების არსი: რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა, ანდრეი ბიკოვმა განაცხადა, რომ მე-8, მე-9 და მე-11 კლასების ყირგიზულ სახელმძღვანელოებში უამრავი "ფაქტობრივი შეცდომაა" და "ბევრია ისეთი რამ, რაც სინამდვილეში არ მომხდარა."
- ხოლო ინსტიტუტის დირექტორმა, ალიკბერ ალიკბეროვმა დაიჩივლა, რომ რუსეთის განხილვას კვლავ "ხალხთა საპყრობილედ" აგრძელებენ.
- განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საბჭოთა პერიოდის შეფასებებში არსებულ განსხვავებებს.
- რუსეთის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რუსულ სახელმძღვანელოებში "ასახულია სსრკ-ს დიდებულება," მაშინ როდესაც ყირგიზულ სახელმძღვანელოებში საუბარია კავშირის შემადგენლობაში რესპუბლიკის ყოფნისას ეროვნული ინტერესების შელახვაზე.
- რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრებში ყველაზე დიდი გაღიზიანება რუსეთის მიმართ ტერმინ "კოლონიალიზმის" გამოყენებამ გამოიწვია.
- ბიკოვმა ამგვარ არჩევანს "მოდის აყოლა" უწოდა და მისი ჩანაცვლება შეათავაზა. მან აღნიშნა, რომ "კოლონიალიზმის" ნაცვლად შესაძლებელია სიტყვა "ადმინისტრაციის" გამოყენება - ამ შემთხვევაში ისტორიული მოვლენები "ეგრევე იცვლიან ფერსა და შეფერილობას" და ნეგატიური კონოტაციაც ქრება.
სტრიქონებს შორის: საპასუხოდ, ყირგიზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, აბილაბეკ ასანკანოვმა განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ "ურთულესი ამოცანა" დასახა.
- მან შეახსენა დამსწრეებს, რომ კოლონიალიზმი გულისხმობს დამოკიდებული ხალხების ტერიტორიის, ბუნებრივი რესურსებისა და შრომის გამოყენებას მათთვის სრულფასოვანი დამოუკიდებლობის არარსებობის პირობებში.
- "ჩვენ ძალიან გვიჭირს ამ ტერმინზე უარის თქმა," - ხაზგასმით აღნიშნა ასანკანოვმა და მოუწოდა მხარეებს, ნუ მოახდენენ "ტრაგიკული მოვლენებით სპეკულირებას" და მათ იდეოლოგიზაციას.
დიდი სურათი: რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი მანამდეც გამოდიოდა იმ ინტერპრეტაციების წინააღმდეგ, რომლებშიც რუსეთი მჩაგვრელ იმპერიად არის წარმოჩენილი.
- ის საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებს ადანაშაულებდა, რომ მათ "მტრების გამოგონება" და ისტორიის გადაწერა დაიწყეს.
- "რა საბჭოთა იმპერიალიზმზეა საუბარი, როდესაც ჩვენ მიგვქონდა განათლება, ახალი ტექნოლოგიები, ახალი საზოგადოებრივი ურთიერთობები და ვანადგურებდით მონათმფლობელობას?" - აღშფოთებას გამოთქვამდა მედინსკი.
კონტექსტი: ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი მეზობელ ქვეყნებში სახელმძღვანელოების შინაარსზე გავლენის მოხდენას ცდილობს.
- 2024 წელს მსგავსი პრეტენზიები გაჩნდა სომხეთის მიმართაც. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ისტორიის სახელმძღვანელო 1826–1828 წლების რუსეთ-სპარსეთის ომის შესახებ არსებული თავის გამო, სადაც თურქმანჩაის ზავის დადება "ანექსიად" იყო მოხსენიებული.
- "რუსეთის იმპერიის, ხოლო შემდგომში საბჭოთა კავშირისა და რუსეთის განსაკუთრებული როლის ეჭვქვეშ დაყენება დღევანდელი სომხეთის ჩამოყალიბების საქმეში, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტების წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს," - აღნიშნეს მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტროში და მოუწოდეს, არ დაეშვათ მსგავსი სახელმძღვანელოს სკოლებში შეტანა.