რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააპატიმრეს

რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე და კავშირგაბმულობის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, გენერალი ვადიმ შამარინი, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ბრალდებით დააპატიმრეს.

ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური იტყობინება.

მოსკოვის 235-ე გარნიზონის სამხედრო სასამართლომ შამარინს ორთვიანი პატიმრობა 22 მაისს შეუფარდა და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საგამოძიებო კომიტეტის მიხედვით, საუბარია სულ მცირე 36 მილიონ რუბლზე.

კონტექსტი

21 მაისს, რუსეთის სასამართლომ თაღლითობის ბრალდებით რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქისა და 58-ე არმიის ყოფილი მეთაური, გენერალი, ივან პოპოვი დააპატიმრა

14 მაისს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი იური კუზნეცოვი.

12 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრობიდან სერგეი შოიგუ გაათავისუფლა და ის უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა. თავდაცვის მინისტრის პოსტზე შოიგუ შეცვალა ანდრეი ბელოუსოვმა, რომელიც მანამდე პირველი ვიცე-პრემიერი იყო.

23 აპრილს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ დააკავეს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალი ტიმურ ივანოვი, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი.

მსგავსი სიახლეები