რუსეთის კონტრშეტევა კურსკში უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ - დღე 2

აღნიშნული მასალა მომზადებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებებზე, რუსი Z-ბლოგერებისა და უკრაინელი/დასავლელი OSINT ანალიტიკოსების ინფორმაციებზე დაყრდნობით. მიმდინარეობს აქტიური საბრძოლო მოქმედებები და ვითარება უკიდურესად დინამიკურია.


რუსული არმია აგრძელებს კურსკის ოლქში მყოფი უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჯგუფებების წინააღმდეგ კონტრშეტევას. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და მათთან აფილირებული Z-ბლოგერები, ხშირად, ურთიერთგამომრიცხავ ან/და არაზუსტ ინფორმაციას ავრცელებენ, ხოლო უკრაინის მთავარსარდლობა ამ დრომდე ინარჩუნებს ე.წ. საინფორმაციო სიჩუმეს.

უკრაინელი/დასავლელი OSINT ანალიტიკოსების ინფორმაცია

უკრაინელი OSINT ანალიტიკოსის, ოლეგ პეტრენკოს მიხედვით, აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს დასახლებულ პუნქტ ვიშნევკაში.

ვიშნევკის აღმოსავლეთით მდებარე სნაგოტსტი, რომელიც ქალაქი კორონევოდან წამოსული რუსული შენაერთების მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა, დაეცა და მოწინააღმდეგის კონტროლის ქვეშ გადავიდა. 

ბრძოლები გრძელდება ვიშნევკის სამხრეთით, უკრაინის საზღვრამდე არსებულ დასახლებულ პუნქტებში: აპანასოვკა, ვნეზაპნოე და გორდეევკა. არებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარ სამიზნეს დასახლებული პუნქტი ბიახოვო წარმოადგენს.

მცირედით განსხვავდება დასავლელი OSINT ანალიტიკოსების ჯგუფის, Black Bird Group-ის ინტერაქციული რუკა, სადაც ნაჩვენებია, რომ დასახლებული პუნქტი ვიშნევკა დაეცა და გადავიდა რუსების კონტროლის ქვეშ.

ასევე, აღნიშნული ჯგუფის ანალიტიკოსების მიხედვით, საოკუპაციო არმია უახლოვდება დასახლებულ პუნქტ ლიუბიმოვკას.

უცვლელია კონტრშეტევაზე მყოფი რუსეთის საზღვაო-ქვეითებისა და საჰაერო-სადესანტო ძალების მიმართულებები.

უკრაინული/დასავლური საინფორმაციო საშუალებები, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და Z-ბლოგერები ავრცელებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები, სუმის ოლქიდან, ქალაქ გლუშკოვოს მიმართულებით, საზღვრის გარღვევასა და წინ წაწევს ცდილობენ, კერძოდ, დასახლებულ პუნქტებში ნოვი პუტ და მედვეჟიეში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ აღკვეთეს უკრაინული სამანევრო ჯგუფების სიღრმეში გარღვევა; მათ წინააღმდეგ აქტიურად მუშაობს რუსული ავიაცია და არტილერია. 

უკრაინელების მხრიდან აღნიშნული მანევრი ემსახურება კონტრშეტევაზე მყოფი რუსული შენაერთების ზურგში გასვლა.

ამასთანავე, ვრცელდება ვიდეოები, რის მიხედვითაც, უკრაინის შეიარაღებული ძალები, მდინარე სეიმზე გადებულ საპონტონე ხიდებს, საინჟინრო და დისტანციური დანაღმვის ტექნიკას აქტიურად ბომბავს ლულიანი არტილერიითა და HIMARS-ის ტიპის სარაკეტო სისტემებით. 

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან, მდინარე სეიმზე არსებული 3 ხიდის განადგურებისა და, შემდგომში, რუსეთის არმიის მიერ გადებულ საპონტონე ხიდებზე იერიშების მიუხედავად, საოკუპაციო არმიამ მოახერხა მძიმე ტექნიკის გადმოყვანა და კონტრშეტევაზე გადასვლა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და Z-ბლოგერების ინფორმაცია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ანგარიშის მიხედვით, რომელიც 12 სექტემბერს შუადღისას გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ „ორი დღის განმავლობაში განთავისუფლდა 10 დასახლება: აპანასოვკა, ბიახოვო, ვიშნევკა, ვიკტორევკა, ვნეზაპნოე, გორდეევკა, კრასნო-ოკტიაბრსკოე, ობუხოვკა, სნაგოსტ და 10-ე ოქტომბერი".

Z-ბლოგერი იური პოდოლიაკის მიხედვით, დღის მთავარი მოვლენას დასახლებული პუნქტი ლიუბიმოვკის შტურმი წარმოადგენდა, თუმცა, მისი თქმით, რუსეთის საოკუპაციო არმიამ დასახლებაში შესვლა ვერ შეძლო, მაგრამ ის ოპერატიულ ალყაში იმყოფება.

ისევე, როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, ასევე იური პოდოლიაკი და დანარჩენი Z-ბლოგერები აცხადებენ, რომ მათ შეძლებს 10 დასახლებული პუნქტის გათავისუფლება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ხუთშაბათს, ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ რუსმა სამხედროებმა კურსკის ოლქში კონტრშეტევა წამოიწყეს. „ყველაფერი მიდის ჩვენი უკრაინული გეგმის მიხედვით,“

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობას ოფიციალურად არ გაუკეთებია კომენტარი კურსკის რეგიონში რუსული ჯარების კონტრშეტევასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე.

მსგავსი სიახლეები