რუსეთის მიერ იზმაილის პორტის დაბომბვამ ხორბლის გლობალური ფასი გაზარდა - Reuters

2 აგვისტოს, ღამით იზმაილის პორტზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ჩიკაგოს საფონდო ბირჟაზე ხორბლის ფასი 6.5%-ით გაიზარდა.

ამ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

"ოთხშაბათს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ჩიკაგოს ბირჟაზე ღამით ხორბლის ფასი 4%-ით გაიზარდა, დილით კი კიდევ 2.5%-ით. მოვაჭრეები კვლავ შეშფოთებულნი არიან გლობალურ მიწოდებაზე დარტყმის გამო, რადგან უკრაინა მსოფლიოში ხორბლის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია," - წერს სააგენტო.

სააგენტო "ამ სექტორის წყაროს" ციტირებს, რომელმაც დაადასტურა, რომ იზმაილის პორტში ზარალი "მძიმეა."

ანალიტიკოსები ასევე იუწყებიან, რომ 1 აგვისტოს მდგომარეობით, მარცვლეულის შეთანხმების შეწყვეტის გამო, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი ივნისთან შედარებით თვეში 40%-ით შემცირდა.

Reuters-ის ცნობით, რუსეთის შეტევა იზმაილზე ნიშნავს, რომ კრემლი "აძლიერებს ძალის გამოყენებას უკრაინის საზღვაო ექსპორტის ბლოკადის აღსადგენად."

დუნაიზე მდებარე პორტი, ნატოს წევრი რუმინეთის დახმარებით, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ძირითად ალტერნატიულ გზას ქმნიდა მას შემდეგ, რაც ივლისის შუა რიცხვებში რუსეთმა უკრაინის შავი ზღვის პორტების ბლოკადა გააგრძელა.

მარცვლეულის შეთანხმების შეწყვეტის შემდეგ, რუსეთი ოდესისა და უკრაინის სხვა პორტებს პერმანენტულად ბომბავს.

მსგავსი სიახლეები