რუსეთის მიერ საევაკუაციო კოლონების დაბომბვას 33 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

რუსი ოკუპანტების მიერ საევაკუაციო კოლონების დაბომბვის გამო უკრაინაში 33 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ 11 მაისს გამართულ ბრიფინგზე უკრაინის ეროვნული პოლიციის ორგანიზაციული, ანალიტიკური მხარდაჭერისა და სწრაფი რეაგირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ოლექსი სერგეევმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან, უკრაინელი პოლიციის თანამშრომლები 1.5 მილიონზე მეტ მოქალაქეს დაეხმარნენ ევაკუაციაში.

"ევაკუაციის დროს მოხდა ოკუპანტის მიერ საევაკუაციო კოლონებისთვის ცეცხლის გახსნა და დაბომბვა. ამ ხნის განმავლობაში უკვე აღძრულია 74 სისხლის სამართლის საქმე. სამოქალაქო კოლონების 45 დაბომბვის შედეგად დაიღუპა 33 მოქალაქე, მათგან ხუთი ბავშვი", - განაცხადა სერგეევმა.

მისი თქმით, ეროვნულმა პოლიციამ მუშაობა უკვე განაახლა კიევის, სუმისა და ჩერნიგოვის რეგიონების დეოკუპირებულ ტერიტორიებზე.

მსგავსი სიახლეები