რუსეთის მოსახლეობის 74% მხარს უჭერს უკრაინაში მიმდინარე ომს - ВЦИОМ

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრი უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ახალ კვლევას აქვეყნებს. გამოკთხვის მიხედვით რუსეთის მოსახლეობის 74% მხარს უჭერს უკრაინაში მიმდინარე ომს. 

ამავდროულად, ყურადღებას იქცევს კითხვის ფორმულირება, რუსეთში საკონონმდებლო დონეზე აკრძალულია უკრაინაში მიმდინარე ომის ომად მოხსენიება. აქედან გამომდინარე ცენტრის მიერ რესპოდენტებისთვის დასმული კითხვა შემდეგნაირად გამოიყურებოდა: "უჭერთ თუ არა მხარს რუსეთის სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უკრაინაში". 

ცენტრის მონაცემებით, ამ კითხვაზე დადებითად გამოკითხულთა 74% პასუხობს. საინტერესოა, რომ მხარდამჭერთა რიცხვი საგრძნობლად გაზრდილია - 27 თებერვალს იგივე მაჩვენებელ 68%-ს შეადგენდა, ხოლო 3 მარტს 71%-ს. 

ამავე კვლევის მიხედვით ომს მხარს არ უჭერს გამოკითხულთა 17%. შედარებისთვის წინა კვლევებში იგივე მაჩვენებელი 22%-ს შეადგენდა. ჩამოყალიბებული აზრი არ აქვს გამოკითხულთა 9%-ს. 

ამავდროულად გამოკითხულთა 46%-ის აზრით უკრაინაში მიმდინარე ომის მიზანი რუსეთის დაცვა და უკრაინაში ნატოს სამხედრო ბაზების არდაშვებაა. 

ამავდროულად ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში არ არის მითითებული თუ რამდენმა რესპოდენტმა განაცხადა უარი პასუხზე. საყურადღებოა ისიც, რომ კვლევა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა.

მსგავსი სიახლეები