რუსეთის "უცხოეთის აგენტების" კანონში ცვლილებები იგეგმება
რუსეთის ფედერაციის დუმის პროფილურმა კომიტეტმა, მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რის მიხედვითაც, "უცხოეთის აგენტებად" გამოცხადებული პირები ვეღარ შეძლებენ არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირებას.
შესწორების თანახმად, ხელისუფლებაში უკვე მომუშავე ადამიანებს, რომლებიც "უცხოეთის აგენტებად" გამოცხადდებიან, დაჩქარებული წესით შეუწყდებათ უფლებამოსილება, თუ კანონის ძალაში შესვლიდან 180 დღის განმავლობაში ისინი არ იქნებიან ამოწერილნი "უცხოეთის აგენტების" რეესტრიდან.
არჩევნებზე დარეგისტრირებული კანდიდატები არ შეიძლება ფიქსირდებოდნენ "უცხოეთის აგენტების" რეესტრის ბაზაში. ამას გარდა, შესწორება, "უცხოეთის აგენტებად" გამოცხადებულ ადამიანს უკრძალავს არჩევნებზე დამკვირვებლად მუშაობასაც.
დუმის პროფილურმა კომიტეტმა მესამე მოსმენით უნდა მიიღოს კანონპროექტში ცვლილება, რის შემდეგაც, ის დუმაში განსახილველად გადაინაცვლებს.
კონტექსტი
რუსეთში აგენტების კანონი პირველად 2012 წელს მიიღეს.
ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელსაც პოლიტიკურ პროფილი გააჩნდა და უცხოეთიდან იღებდა დაფინანსებას, ვალდებულნი გახდნენ „უცხოეთის აგენტების“ ბაზაში დარეგისტრირებულიყვნენ და მათ მიერ გამოქვეყნებულ ნებისმიერი სახის მასალაზე უნდა დაეწერათ, რომ ის „მომზადებულია უცხოეთის აგენტის მიერ“.
კანონპროექტში წლების განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა.
2014 წლის ცვლილებით - რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიენიჭა უფლება დაერეგისტრირებინა ორგანიზაცია “უცხოეთის აგენტების” ბაზაში, რადგანაც, ორგანიზაციებმა უარი განაცხადეს თავისი სურვილით დარეგისტრირება.
2017 წლის ცვლილება - “აგენტების კანონი” მედია ორგანიზაციებზეც გავრცელდა. ნებისმიერი მედია, რომელიც უცხოეთიდან იღებდა დაფინანსებას, გამოცხადდა „უცხოეთის აგენტის ფუნქციის შემსრულებელ უცხოურ მედიად“.
2019 წლის ცვლილება - ორგანიზაციებიდან ინდივიდებზე გავრცელდა. ნებისმიერი ადამიანი, ვინც უცხოეთიდან ფულს იღებდა და ნებისმიერი საშუალებით ინფორმაციას ავრცელებდა, “უცხოეთის აგენტი” ხდებოდა.
2022 წლის ცვლილება - თუ სახელმწიფომ გამოავლინა, რომ ორგანიზაცია თუ ინდივიდი ნებისმიერი სახის ფულად შემოსავალს უცხოეთიდან იღებს, ავტომატურად „უცხოეთის აგენტების“ ბაზაში ვარდება. ასევე, “აგენტებად” გამოცხადებულებს ეკრძალებათ სკოლის მასწავლებლობა, საჯარო ღონისძიებების ორგანიზება, ნებისმიერი სახის მედია ორგანიზაციაში მუშაობა.