რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე გააძევა

 

რუსეთიდან აშშ-ის ელჩის მოადგილე გააძევეს. ინფორმაციას ამის შესახებ რია ნოვოსტი ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა ამერიკელი დიპლომატის გაძევების მიზეზი. 

აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობის ინფორმაციით, ბარტ გორმანის წესრიგში ჰქონდა ოფიციალური დოკუმენტები, მათ შორის სამუშაო ვიზაც, რომლის მოქმედების ვადაც ჯერ არ არის ამოწურული. 

აშშ-ის საელჩოში განაცხადეს, რომ ისინი უპასუხებენ რუსეთის ამ გადაწყვეტილებას და მოუწოდეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეწყვიტონ დაუსაბუთებლად ამერიკელი დიპლომატების გაძევება. 

არსებული ინფორმაციით, ბარტ გორმანი აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობის უმაღლეს ხელმძღვანელობაში შედიოდა. საელჩოს საიტზე გორმანის შესახებ მითითებულ ინფორმაციის მიხედვით, დიპლომატი რუსულ-ამერიკული ურთიერთობების საკვანძო საკითხებს კურირებდა. 

2017-2019 წლებში გორმანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის პოსტს იკავებდა. 2014-2016 წლებში გორმანი მოსკოვში აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მუშაობდა. 

სხვადასხვა წლებში ბარტ გორმანი მუშაობდა ერაყსა და იორდანიაში ამერიკულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. 

 

მსგავსი სიახლეები