რუსეთმა ჩეხეთი რუსოფობიაში დაადანაშაულა, პრაღამ რუსეთს მოუწოდა უკრაინიდან გავიდეს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩეხეთს აქვს "ქრონიკული პრობლემები," მათ შორის, "რუსოფობიური კურსი." ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter-ზე 25 ივლისს განაცხადა.
"ჩეხეთს აქვს ქრონიკული პრობლემები, რომელთა გადაჭრას ქვეყნის ხელისუფლება არ აპირებს და ამავდროულად ახორციელებს დესტრუქციულ საგარეო პოლიტიკურ ქმედებებს. ბოლო წლები პრაღის "რუსოფობიურ კურსზე გადასვლის" გაგრძელებაა," - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ჩეხეთში გახშირდა "ჩეხეთის ხელისუფლების მიერ საბჭოთა მემორიალებთან ბრძოლის" შემთხვევები. სამინისტროს თქმით, ბევრია ჩეხეთის ხელისუფლების მხრიდან "ნაციზმის გამოვლინებებისა და ნაცისტური თემებისადმი ტოლერანტული დამოკიდებულების" მაგალითები.
გარდა ამისა, რუსეთი აკრიტიკებს ჩეხეთის რესპუბლიკაში ბავშვთა და ქალთა უფლებების მდგომარეობას, ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას და სასამართლო სისტემას. ასევე მათი თქმით, ჩეხეთის რესპუბლიკამ დაიწყო "რასისტული იდეებისა და ცრურწმენების, რასობრივი მოტივირებული დანაშაულების გავრცელება."
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის განცხადებას Twitter-ზე გამოეხმაურა.
"ჩეხეთის რესპუბლიკის ქრონიკული პრობლემები: ჩვენ არ ვიტაცებთ ბავშვებს, არ ვბომბავთ საავადმყოფოებს, არ გვყავს ოკუპირებული მეზობლები. გადით უკრაინიდან", - ნათქვამია განცხადებაში.