რუსეთმა კიევი დაბომბა: დაიღუპა მინიმუმ 18 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვია

28 აგვისტოს ღამით, კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, მინიმუმ 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვი.
State Of Play: კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დაშავებულთა შორის 7, 10 და 11 წლის ბავშვები არიან.
- თავდასხმაზე განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
- "დღევანდელი რუსული რაკეტები და დრონები ნათელი პასუხია მსოფლიოში ყველასთვის, ვინც კვირების და თვეების განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტისა და რეალური დიპლომატიისკენ მოგვიწოდებდა. რუსეთი ირჩევს ბალისტიკურ რაკეტებს და არა მოლაპარაკებების მაგიდას. ირჩევს მკვლელობების გაგრძელებას და არა ომის დასრულებას. ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთს ჯერ კიდევ არ ეშინია შედეგების. რუსეთი ჯერ კიდევ სარგებლობს იმით, რომ მსოფლიოს ნაწილი თვალს ხუჭავს მოკლულ ბავშვებზე და პუტინისთვის გამართლებას ეძებს," - აღნიშნა ზელენსკიმ.
- მისი თქმით, უკრაინა ელოდება ჩინეთის რეაქციას მომხდარზე, რადგან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არაერთხელ მოითხოვდა ცეცხლის შეწყვეტას.
- "ჩვენ უნგრეთის რეაქციას ველოდებით. ბავშვების სიკვდილმა ნებისმიერ სხვა რამეზე მეტი ემოცია უნდა გამოიწვიოს. ჩვენ ველოდებით რეაქციას ყველასგან მსოფლიოში, ვინც მშვიდობისკენ მოგვიწოდებდა, ახლა კი უფრო ხშირად დუმს, ვიდრე პრინციპულ პოზიციებს იკავებს," - თქვა პრეზიდენტმა.
- მან მსოფლიოს მოუწოდა, ახალი მკაცრი სანქციები დააწესონ რუსეთის წინააღმდეგ ყველაფრისთვის, რასაც ის აკეთებს.
Big Picture: 28 აგვისტოს ღამით, რუსეთმა უკრაინა 629 დრონითა და რაკეტით დაბომბა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მათგან 589 ობიექტი ჩამოაგდეს.
- "ეს იყო კომბინირებული შეტევა, ერთ-ერთი უდიდესი. ადრე 740-ზე მეტი საჰაერო სამიზნისგან შემდგარი ანტირეკორდი გვქონდა, თუმცა ახლა რაკეტები უფრო მეტი იყო, მაშინ კი დრონები ჭარბობდა. მტერი უფრო ხშირად რეაქტიული ძრავის მქონე დრონებს იყენებს, ანუ მაღალსიჩქარიან უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებიც ამ ღამითაც იყო წარმოდგენილი... ამ თავდასხმის კიდევ ერთი თავისებურებაა ის, რომ, ალბათ, მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს, როგორ მოხვდა ორი ფრთოსანი რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს... დღეს მტერმა უზარმაზარი რაოდენობის [რაკეტა და დრონი] გამოიყენა და თავდაცვის ძალებისთვის მათი მოგერიება ძალიან რთული იყო," - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა იური იგნატმა.