რუსეთმა ოდესა დაბომბა: დაიღუპა 10 ადამიანი

18 ნოემბერს, რუსეთმა სარაკეტო დარტყმა განახორციელა ოდესის ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანზე, რის შედეგადაც 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ კიდევ 44 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვია.

კიპერის ცნობით, რაკეტა საცხოვრებელ უბანში მდებარე ავტოსადგომს მოხვდა, რის შედეგადაც საცხოვრებელი კორპუსი, უნივერსიტეტი და საოფისე შენობა დაზიანდა. 

ოდესის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს თავდასხმები შემთხვევითი არ არის და დემონსტრაციული ხასიათისაა დასავლელ ლიდერებსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის "ზარებისა და შეხვედრების" ფონზე.

"რუსეთი აჩვენებს იმას, რაც მას რეალურად აინტერესებს: მხოლოდ ომი და ეს სიგნალი უნდა ისმოდეს მსოფლიოს ყველა კუთხეში." - თქვა მან.

ოდესის მერმა გენადი ტრუხანოვმა Telegram-ზე დაწერა, რომ რუსეთი "საცხოვრებელ ზონას დაესხა თავს" და მოკლა ადამიანები, რომლებიც "უბრალოდ თავიანთ საქმეზე მიდიოდნენ."

17 ნოემბერს რუსეთმა სუმი დაბომბა, რასაც 11 ადამიანი ემსხვერპლა და 68 კი დაშავდა.

დაღუპულთა შორის ორი ბავშვია: 9 წლის ბიჭი და 14 წლის გოგონა, დაჭრილებს შორის 10 ბავშვია.  

მსგავსი სიახლეები