რუსეთში "აგენტების" რეესტრი ბიზნეს კონფლიქტების მოსაგვარებლად გამოიყენება

ონლაინ გამოცემა “Proekt”-ის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, რუსეთში, ორი ადამიანი “უცხოეთის აგენტების” რეესტრში მხოლოდ იმიტომ შეიყვანეს, რომ მათი ბიზნესების მიმართ ინტერესები პოლიტიკოსებსა და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს გააჩნდათ.

საუბარია მმართველი პარტია “Единая Россия”-ს ყოფილ დეპუტატზე, მაგომედ გადჟიევსა და კატერინა ბოსოვაზე, რომელიც მილიარდერი დმიტირი ბოსოვის ქვრივია.

მაგომედ გადჟიევი, რომელმაც დეპუტატობის დროს “უცხოეთის აგენტების” კანონს მხარი თავადაც დაუჭირა, აგენტების რეესტრში 2023 წელს შეიყვანეს. რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, გადჟიევის აგენტების ბაზაში შეყვანის მიზეზს უკრაინის ხელისუფლების მიმართ მხარდაჭერა წარმოადგენს, თუმცა, აგენტად გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, დეპუტატმა გადჟიევმა ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ხელმძღვანელისგან, დენის პუშილინისგან, დონეცკის მოსახლეობისა და რუსი სამხედროებისთვის გაწეული დახმარებისთვის, მადლობაც კი დაიმსახურა.

გამოძიებით დგინდება, რომ აგენტად რეგისტრაციის რეალურ მიზეზს ბიზნეს დავა წარმოადგენდა. კერძოდ, ყოფილი დეპუტატის უცხოეთის აგენტად გამოცხადებას რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი, სულეიმან კერიმოვი ლობირებდა. კემიროვმა გადჟიევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყებაც კი შეძლო.

გამომცემლობის თანახმად, გადჟიევი და კერიმოვი დიდი ხნის ბიზნეს პარტნიორები იყვნენ. ისინი ორ ბიზნესს ფლობდნენ - ბუკმეკერულ კომპანიასა და ფინანსურ კომპანია “ЦУПИС”-ს.

მოგვიანებით “ЦУПИС”-ი გადავიდა უმარ კრემლიოვის კონტროლქვეშ, რომელიც კრივის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი და ვლადიმირ პუტინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ალექსეი რუბეჟნის ახლო მეგობარია.

2020 წელს, ბიზნეს კონფლიქტის არსებობის გამო უცხოეთის აგენტების სიაში მოხვედრაზე საუბრობს მილიარდერი დიმიტირი ბასოვის ქვრივი, კატერინა ბასოვი. მისი თქმით, ის რეესტრში მხოლოდ იმის გამო შეიყვანეს, რომ მისი გარდაცვლილი ქმრის მშობლებთან და შვილებთან სამართლებრივი დავა ჰქონდა.

ამ მომენტისთვის, რუსეთის უცხოეთის აგენტების ბაზაში დაახლოებით 450 ადამიანი და 100-ზე მეტი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, NGO-ო და იურიდიული პირია.

 

 

 

მსგავსი სიახლეები