რუსეთში პოლიციას “ტრადიციული ღირებულებების” გასაძლიერებლად გამოიყენებენ

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, მათ უფლებამოსილებას ტრადიციული სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების განმტკიცება დაემატება.

ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" რუსული სამსახური იტყობინება.

კანონის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ რუსეთის შსს-ს დამატებითი ამოცანების შესრულება არ იქონიებს გავლენას უწყების შემოსავალსა თუ ხარჯზე, და უკვე გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში განხორციელდება.

დოკუმენტი არ აკონკრეტებს, თუ როგორ აპირებს სამინისტრო აღნიშნული ამოცანის შესრულებას.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ამჟამინდელი ამოცანები მოიცავს რუსეთის და უცხო ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, უფლებებისა და თავისუფლების დაცვას, დანაშაულის პრევენცია, საზოგადოებრივი წესრიგისა და კერძო საკუთრების დაცვას.

"ტრადიციულ ღირებულებებთან შეუსაბამობა" რუსეთში ხშირად გამხდარა სხვადასხვა სოციალური ჯგუფის შევიწროების მიზეზი.

კრემლი, რუსული ტრადიციული ღირებულებების საფრთხეებად, მიიჩნევს ექსტრემისტული და ტერორისტული ორგანიზაციების, შეერთებული შტატებისა და სხვა არამეგობრული ქვეყნების, რიგი მრავალეროვნული კორპორაციებისა და უცხოური არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობას.

 

მსგავსი სიახლეები