რუსეთთან ომში უკრაინის ეროვნული გვარდიის 501 ჯარისკაცი დაიღუპა

24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებიდან უკრაინის ეროვნული გვარდიის 501 ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ 11 მაისს კიევში გამართულ ბრიფინგზე უკრაინის ეროვნული გვარდიის მთავარი დირექტორატის ოპერატიული განყოფილების უფროსმა ოლექსი ნადტოჩიიმ განაცხადა.

"სამწუხაროდ, ამ პერიოდში, დავალებების შესრულებისას ეროვნული გვარდიის შემადგენლობის დანაკარგია: სანიტარული - 1697 სამხედრო, შეუქცევადი - 501", - განაცხადა მან.

უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა რეგულარულად არ აფიქსირებს რუსეთთან ომში მის დანაკარებს. ამის შესახებ ბოლოს, 15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, იმ დროისთვის 2500–3000 სამხედრო იყო დაღუპული და დაახლოებით 10 000 - დაჭრილი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 11 მაისის დილით, რუსეთის დანაკარგებმა შეადგინა 26 350 სამხედრო, 160 ვერტმფრენი, 199 თვითმფრინავი, 1187 ტანკი და ასობით სხვა ტექნიკა.

მსგავსი სიახლეები