რუსი მფრინავი აცხადებს, რომ ხელმძღვანელობის ზეწოლის გამო თვითმკვლელობას აპირებს

რუსმა მფრინავმა და Z-ბლოგერმა ალექსეი ზემცოვმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც "ოფიცრის უკანასკნელი ღირსების გამოყენების უფლებას" ითხოვს.

რასთან გვაქვს საქმე: "თუ თქვენ უყურებთ ამ ვიდეოს, ე.ი. მე აღარ ვარ". - ამბობს მიმართვაში მფრინავი.

  • ამ დროისთვის არ არსებობს მტკიცებულება, რომ ზემცოვმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

  • ვიდეოში ზემცოვი ჰყვება, რომ 2023 წლამდე საბრძოლო ფრენებში მონაწილეობდა. იმავე წლის სექტემბერში მან საკუთარი Telegram არხი - "Voevoda Veshchaet" შექმნა, რაც "ძალიან არ მოეწონა" გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმირ კრავჩენკოს, რომელიც დღეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

  • არხში გამოქვეყნებული კრიტიკული შეხედულებების გამო, ზემცოვი ფრენებიდან მოხსნეს. ამის შემდეგ, ზემცოვის თქმით, კრავჩენკომ მას საავადმყოფოში წასვლა და, შემდგომში, სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ პატაკის დაწერა ურჩია.

  • მფრინავის თქმით, კრავჩენკომ მას "აპატია შეცდომები". ზემცოვი სხვა სამხედრო ნაწილში გადაიყვანეს.

ჩაშლილად: 2025 წელს ზემცოვმა შეიტყო, რომ მის მეუღლეს Telegram-არხის ადმინისტრატორთან სასიყვარულო კავშირი ჰქონდა. მფრინავის თქმით, მან ცოლის საყვარელი ტყეში წაიყვანა და მას ფიზიკურად გაუსწორდა.

  • ამ ინციდენტის გამო, ზემცოვს ოთხნახევარი თვით პატიმრობა მიესაჯა.

  • 2026 წლის გაზაფხულზე პოლკოვნიკმა ავრამენკომ ზემცოვი იზოლატორიდან გამოიყვანა და შემტევ ქვედანაყოფში განაწესა.

  • 4 აპრილს მფრინავმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც რუსული ჯარის უხარისხო აღჭურვილობაზე გაამახვილა ყურადღება.

  • ზემცოვის თქმით, მას პოსტის წაშლა მოსთხოვეს, რაზეც უარი განაცხადა.

  • ავრამენკომ ბლოგერის პატიმრობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ზემცოვის აზრით, ამ გადაწყვეტილების უკან კრავჩენკო დგას.

  • "მე ასეთ სირცხვილს ვერ ავიტან. ვარ რუსული არმიის ოფიცერი". - ამბობს ვიდეოში ზემცოვი.

სიღრმისეულად: გარდა ამისა, ზემცოვმა რუსეთის გენერალურ პროკურორს გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა.

  • ვიდეოში მფრინავი მაყურებელს უჩვენებს შავი ფერის საქაღალდეს, რომელშიც, მისი თქმით, კრავჩენკოს შესახებ "საკმაოდ მგრძნობიარე ინფორმაცია" ინახება.

  • თავისი Telegram-არხის მართვა ზემცოვმა Z-ბლოგერ კირილ ფედოროვს გადასცა.

  • ამ დროისთვის არხს 170 000 გამომწერი ჰყავს.

მსგავსი სიახლეები