რუსული ბატალიონი: ბელგოროდში რუსეთის მოტო-მსროლელი ასეული გავანადგურეთ

უკრაინის მხარეს მებრძოლი ბატალიონი Cвобода России საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს, რომ მათი ოპერაცია ბელგოროდში ამ დრომდე გრძელდება. 

"დღეს ჩვენმა ლეგიონერებმა პუტინის ურდოში დიდი ხმაური გამოიწვიეს: ჩვენ რუსეთის მოტო-მსროლელი ასეულის დემილიტარიზაცია მოვახდინეთ, განადგურებულია რამდენიმე ერთეული ჯავშანტექნიკა",- ნათქვამია ლეგიონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ გავრცელებული მონაცემები რუსული ბატალიონის დანაკარგების შესახებ უბრალოდ გამოგინილია და ამის დამადასტურებელი ვიდეო-მასალები მალე გავრცელდება. 

"გასული დღე-ღამის განმავლობაში პუტინის მეომრებს დიდი წარმატება არ ჰქონიათ. სამაგიეროდ აჩვენეს შესანიშნავი შედეგები შორ მანძილზე გაქცევის დისციპლინაში. ჩვენ მივიწევთ ჩვენი მიზნისკენ - რუსეთის სრულ თავისუფლებამდე",- ნათქვამია განცხადებაში. 

კონტექსტი 

რუს მოხალისეთა ლეგიონის განცხადებას წინ უძღოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრიფინგი, რომელზეც იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ დივერსიული ჯგუფები სრულად განადგურებული და განდევნილია რუსეთის ტერიტორიიდან. 

რუს მოხალისეთა ბატალიონის ოპერაციის მიმდინარეობაზე წერს Financial Times-ის კორესპონდენტი, კრისტოფერ მილერიც. ჟურნალისტის თქმით, ის ცოტა ხნის წინ ესაუბრა ლეგიონის მეთაურს, დენის ნიკიტინს, რომელიც კარგ განწყობაზე იყო და მისი ხმა არ გავდა იმ მეთაურის ხმას, რომელმაც ცოტა ხნის 70 მებრძოლი დაკარგა. ნიკიტინის თქმით, ბელგოროდში რუსული ლეგიონის ოპერაცია გრძელდება. 

უკვე მეორე დღეა რუსეთის სპეცსამსახურები უკრაინის ტერიტორიიდან გადმოსული დანაყოფების და მათ მიერ დაკავებული პოზიციების განადგურებას ცდილობენ. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის სასაზღვრო ოლქებში უკრაინის ტერიტორიიდან სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები გადმოდიან, თუმცა გუშინ დაწყებული შეტევა ნამდვილად ყველაზე მასშტაბურია. 

მსგავსი სიახლეები