რუსულმა სააგენტოებმა წაშალეს მათივე ცნობები, რომ არმიამ ხერსონთან უკან დაიხია

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებმა ცოტა ხნის წინ თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელეს ცნობები იმის შესახებ, რომ დნეპრის მარცხენა ნაპირზე რუსეთის არმიის მეთაურებმა "ჯარების გადაჯგუფების გადაწყვეტილება მიიღეს."

სწორედ ამ სიტყვით ახასიათებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რუსეთის არმიის უკან დახევას ხარკივის ოლქიდან და ქალაქ ხერსონიდან.

საინფორმაციო სააგენტოებმა მალევე წაშალეს აღნიშნული მასალები და მათი ანულირების შესახებ გამოაცხადეს. საუბარია რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოებზე ТАСС-სა და РИА Новости-ზე. 

სააგენტოების მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში ნათქვამი იყო, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უკრაინის სამხრეთ მოქმედი სამხედრო დაჯგუფება დნეპრის მეთაურმა ჯარების "უფრო მომგებიან პოზიციაზე გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო." 

მოგვიანებით გამოცემა РБК-სთან საუბარში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გავრცელებულ ცნობებს პროვოკაცია უწოდა. 

კონტექსტი 

8 ნოემბერს რეალპოლიტიკა დამოუკიდებელ OSINT ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინამ დნეპრის მარცხენა ნაპირზე დაკავებულ პლაცდარმზე ჯავშანტექნიკის გადასხმა დაიწყო. 

საუბარია სოფელ კრინკიზე, რომელსაც ბოლო ცნობებით უკრაინელი მებრძოლები აკონტროლებენ. ამ პლაცდარმის დაკავება უკრაინელმა მებრძოლებმა ოქტომბრის მეოერე ნახევარში დაწყებული ოპერაციის შედეგად შეძლო.

საგულისხმოა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დნეპრის მარცხენა ნაპირზე მეორე პლაცდარმიც აქვთ - საუბარია აფეთქებული ანტონოვის ხიდის მიდამოებზე, რომლის დაკავებაც ЗСУ-ს ივნისის დასაწყისში შეძლო. 

 

 

მსგავსი სიახლეები