საბერძნეთი უკრაინას ოდესაში დაზიანებული ძეგლების აღდგენაში დაეხმარება
ოდესაში საბერძნეთის კონსულმა დიმიტრიოს დოხცისმა ოდესას რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანებული არქიტექტურული ძეგლების აღდგენაში დახმარება შესთავაზა.
ამის შესახებ დოხტისმა ოდესის მერთან, გენადი ტრუხანოვთან შეხვედრაზე განაცხადა.
საბერძნეთის კონსულმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ათენი გმობს ოდესის ისტორიულ ცენტრზე თავდასხმებს, რომელიც იუნესკოს მფარველობის ქვეშ იმყოფება.
"საბერძნეთი მონაწილეობას მიიღებს დაზიანებული არქიტექტურული ძეგლების აღდგენაში. ეს განსაკუთრებით ეხება ბერძნული ისტორიის მქონე სახლებს, კერძოდ პაპუდოვას სახლს და როდოკანაკის სახლს," - განაცხადა დიპლომატმა.
ოდესის მერმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს დენდიასი ორჯერ ეწვია ოდესას, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.
მანამდე იტალიამ განაცხადა, რომ მზად არის შეუერთდეს ფერისცვალების საკათედრო ტაძრის აღდგენას, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა.
საკათედრო ტაძარი ოდესის ოლქის მასიური დაბომბვის დროს 23 ივლისს, ღამით განადგურდა. მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი არის ქალაქში უდიდესი მართლმადიდებლური ღირსშესანიშნაობა.