საფრანგეთი და ბრიტანეთი უკრაინაში სადაზღვევო ჯარების განთავსებას განიხილავენ

გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი სამშვიდობო შეთანხმების შეთანხმების შემდეგ "სადაზღვევო" (Reassurance) სამხედრო კონტინგენტის განთავსებას განიხილავენ.
ინფორმაცია ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს.
ამგვარი კონტინგენტის კონცეფცია მოიაზრებს შედარებით მცირერიცხოვან სახმელეთო დანაყოფებს და აქცენტი ძირითადად ავიაციაზე გაკეთდება - რაშიც ევროპას რუსეთთან შედარებით საგრძნობი უპირატესობა აქვს.
"ავიაცია არის სფერო, რომელშიც ჩვენ გვაქვს გარკვეული უპირატესობა, ჰაერიდან ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვუპასუხოთ რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას, ეს სადამსჯელო მიდგომაა, რომ გვქონდეს რუსეთის დასჯის საშუალება შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში"- ამბობს გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთი ანონიმური წყარო.
საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის არმიების მოკრძალებული ზომიდმან გამომდინარე საუბარია შედარებით მცირერიცხოვან სახმელეთო დანაყოფებზე. სავარაუდოა, რომ ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში მისიას ფრანკო-ბრიტანული გაერთიანებული საექსპედიციო ძალები უხელმძღვანელებენ - ეს უკვე არსებული სტრუქტურაა, რომლის ერთი შტაბ-ბინა ლონდონში, ხოლო მეორე პარიზის შემოგარენში მდებარეობს. სხვა ქვეყნების სამხედრო დანაყოფები სწორედ ამ ფორმატს შეერწყმებიან.
კონტექსტი
მსგავსი იდეის განხილვის შესახებ ცოტა ხნით ადრე საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა ბრიტანული Time-ის თავდაცვის სექციის რედაქტორმა, ლარისა ბრაუნმა.
ბრაუნის ცნობით, საუბარია დაახლოებით 30-ათასიან სამხედრო კონტინგენტზე ევროპული სარდლობის ქვეშ, რომლებიც უკრაინის საკვანძო ქალაქებში, პორტებსა და ეროვნული ინფრასტრუქტურის კრიტიკულ კვანძებთან ახლოს განთავსდებიან.
ბრაუნის თქმით, სავარაუდოა, რომ ამგვარი დანაყოფები ფრონტის ხაზიდან მოშორებით განთავსდებიან, ხოლო ფრონტის ხაზის მონიტორინგი ტექნიკური საშუალებებით განხორციელდება, მათ შორის სამხედრო თვითმფრინავებით, დრონებითა და სატელიტური დაკვირვების მეშვეობით.
Time-ის რედაქტორის ცნობით, ასეთ პირობებში უკრაინის საჰაერო სივრცე დაცული იქნება, ხოლო კომერციული ავია შეტყობინება აღდგება, რადგან გაერთიანებულ ძალებს შეეძლებათ რუსული რაკეტებისა და თავდასხმის სხვა საშუალებების განეიტრალება.
სამხედრო ექსპერტი აღნიშნავენ, რომ უკრაინაში ამგვარი შეზღუდული ევროპული კონტინგენტის ეფექტური ფუნქციონირება შეუძლებელი იქნება აშშ-ს სადაზვერვო და ლოჯისტიკური მხარდაჭერის გარეშე.
ამ დროისთვის ტრამპის ადმინისტრაციაში გამორიცხავენ უკრაინაში სამხედრო დანაყოფების რამენაირი ფორმით გაგზავნას, თუმცა ტრამპმა აღნიშნა, რომ არ ეწინააღმდეგება ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინაში ევროპული ჯარების განთავსებას.
უკრაინაში ევროპული ჯარების განთავსებას, თუნდაც ნატოს ფორმატის გარეშე მიუღებელი უწოდა სერგეი ლავროვმა ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.