საფრანგეთი: შეშფოთებულები ვართ დემონსტრანტების დევნის შესახებ ცნობებით

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოში არსებულ ვითარებას. შეშფოთებულები ვართ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების დევნის შესახებ ცნობებით და [ხელისუფლებას] მოვუწოდებთ მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლების პატივისცემისკენ. ფუნდამენტური თავისუფლებები, პოლიტიკური პლურალიზმი და სამოქალაქო საზოგადოება დაცული უნდა იყოს.

ევროპელ პარტნიორებთან ერთად, საფრანგეთი გააგრძელებს მტკიცე კავშირების შენარჩუნებას საქართველოს მოსახლეობასთან და მისი ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას, რომლებსაც არ უნდა უღალატონ." - ნათქვამია განცხადებაში.

კონტექსტი

29 ნოემბერს, თბილისში მასშტაბური საპროტეტო აქცია ჩატარდა. მოქალაქეები საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას აპროტესტებდნენ, რომელმაც ევროკავშირთან მოლაპრაკებების გახსნის 2028 წლამდე გაყინვა გამოაცხადა.

გვიან ღამით, საპოლიციო დანაყოფებმა აქციის ძალადობრივი დაშლა დაიწყეს.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძე დაწერა, რომ ორგანიზაციამ 29-30 ნოემბერს 60-ზე მეტი დაკავებულის შესახებ მიიღო ინფორმაცია.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ძალოვანების ქმედებები "რუსული სტილის რეპრესიებს მოგვაგონებს. ეს ქმედებები უპატიებელია! ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ."

გუშინ ღამით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა "რეალპოლიტიკას" რედაქტორს, აკა ზარქუას.

მსგავსი სიახლეები