საფრანგეთის არჩევნები: მეორე ტურში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი აქტივობაა
7 ივლისს, საღამოს 5 საათისთვის, ფრანგი ამომრჩევლების დაახლოებით 59.71% მივიდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში. ეს არის 1981 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი აქტივობა.
ამის შესახებ Le Monde წერს.
ეს მაჩვენებლები ადასტურებს არჩევნებისადმი განსაკუთრებულ ინტერესს, რომლის შედეგადაც, სავარაუდოდ, მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე "ეროვნული გაერთიანება" პარლამენტში ყველაზე დიდი პარტია გახდება.
პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვადამდელი არჩევნები სამი წლით ადრე მას შემდეგ დანიშნა, რაც მისი პარტია ევროპარლამენტის არჩევნებზე დამარცხდა.
ლე პენმა შეიძლება ვერ მოიპოვოს სრული უმრავლესობა, ამიტომ მომავალი მთავრობის პერსპექტივა ბუნდოვანია. უმრავლესობის გარეშე მოქმედმა პარლამენტმა, რომელშიც ევროსკეპტიკოსი, ანტიიმიგრაციული დეპუტატების დიდი რაოდენობა იქნება, შეიძლება შეასუსტოს საფრანგეთის საერთაშორისო პოზიცია და საფრთხე შეუქმნას დასავლეთის ერთობას უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე.
ევროკავშირის ოფიციალური პირები, რომლებიც უკვე სწავლობენ ურთიერთობას იტალიასა და ნიდერლანდებში ულტრამემარჯვენე პარტიებთან, ყურადღებით აკვირდებიან საფრანგეთს.
გადამწყვეტი არჩევნების წინ, გასულ კვირას, 200-ზე მეტი ტაქტიკური ხმის მიცემის შეთანხმება გაფორმდა ცენტრისტ და მემარცხენე კანდიდატებს შორის, რათა ხელი შეუშალონ ლე პენის პარტიის მიერ მანდატების მოპოვებას.
საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, "ეროვნული გაერთიანება" 289 მანდატის მოპოვებას ვერ შეძლებს, რომელიც საჭიროა 577 ადგილიანი ეროვნული ასამბლეის უმრავლესობის დაკომპლექტებისთვის, თუმცა მაინც ყველაზე დიდი პარტია გახდება.