საფრანგეთის ყოფილი პრემიერი: შეიძლება ლე პენმა მოიგოს
საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ედუარ ფილიპი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგი „წინასწარ გარკვეული არ არის“.
„ეს არჩევნები ჯერ კიდევ ღიად რჩება. ვფიქრობ, მარინ ლე პენს გამარჯვება შეუძლია და ამ არჩევნებს სერიოზულად უნდა მივუდგეთ“, - განაცხადა ქალაქ ავრის მერმა ფილიპმა France Inter-თან ინტერვიუში.
ფილიპმა, რომელიც 2017-2020 წლებში მაკრონის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, მოქმედ პრეზიდენტს საარჩევნო კამპანიის გააქტიურებისკენ მოუწოდა.
„მჯერა და კარგად მაქვს გააზრებული, რომ საფრანგეთი გაცილებით უარესად იცხოვრებს, თუ პრეზიდენტად მარინ ლე პენს ავირჩევთ“, - ამბობს ფილიპი.
ყოფილი პრემიერის განცხადებით, თუ ლე პენი 24 აპრილს გამარჯვებას მოახერხებს, ის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას განიხილავს.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელშიც ერთმანეთს მაკრონი და ეროვნული გაერთიანების ლიდერი მარინ ლე პენი შეერკინებიან, 24 აპრილს გაიმართება.
საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევებით, მაკრონს ლე პენთან ექვსპროცენტიანი უპირატესობა აქვს.