საფრანგეთმა მალიში ალ-კაიდას საველე მეთაური მოკლა
საფრანგეთის არმიის განცხადებით, 25-26 თებერვალს მალიში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად ალ-კაიდას რეგიონული განშტოების ერთ-ერთი მეთაური მოკლეს.
წარმოშობით ალჟირელი აბუ ამარ ალ ჯაზაირი, მეტსახელად ჯუადი, ალ-კაიდა მაღრიბში (AQIM) დაჯგუფების ფინანსურ და ლოჯისტიკურ ოპერაციებს ხელმძღვანელობდა.
„ჯუადის სიკვდილი ალ-კაიდას მმართველობას დაასუსტებს, ის ჩრდილოეთ მალიში დაჯგუფების წამყვანი ფიგურა იყო“, - წერია განცხადებაში.
2019 წელს დასავლეთ აფრიკაში გადანაცვლებამდე ჯუადი ალ-კაიდას ლიბიურ განშტოებას უძღვებოდა.
საფრანგეთის შეიარაღებული ძალები მალიში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციაში 2013 წლის შემდეგ მონაწილეობენ.
ცოტა ხნის წინ პარიზმა მისიის დატოვების შესახებ განაცხადა მალიში შექმნილი არასტაბილური პოლიტიკური ვითარების გამო.
2020 წელს სამხედრო გადატრიალების შემდეგ დასავლეთაფრიკულ ქვეყანას ხუნტა მართავს, რომელმაც მჭიდრო კავშირები დაამყარა რუსულ შეიარაღებულ დაჯგუფება ვაგნერთან.
საფრანგეთი მალიში დისლოცირებული 2400 სამხედროს საჰელის (დასავლეთ აფრიკა) და სხვა ქვეყნებში გადასროლას გეგმავს, სადაც ისინი ჯიჰადისტურ დაჯგუფებებთან ბრძოლას გააგრძელებენ.