საფრანგეთში პროტესტი კვლავ გრძელდება, თუმცა ძალადობრივი ქმედებები შემცირდა
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 2 ივლისს, კიდევ 157 ადამიანი დააკავეს, თუმცა ეს რიცხვი, წინა დღეების მონაცემს მნიშვნელოვნად ჩამორჩება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ძალადობრივი ქმედებების რაოდენობამ დაიკლო.
შედარებისთვის, ერთი დღით ადრე, ანუ შაბათს, დაკავებულთა რაოდენობა 700-ს აღემატებოდა.
არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 27 ივნისს, პოლიციის თანამშრომელმა, დაუმორჩილებლობის ნიადაგზე, 17 წლის არასრულწლოვანი მოკლა, რასაც მალევე მოჰყვა ხალხმარავალი დემონსტრაციები, რომელიც არაერთ შემთხვევაში, ძალადობრივ ქმედებებში გადაიზარდა.
ქალაქ ნანტერში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, საფრანგეთის არაერთ ქალაქში აპროტესტებდნენ, რასაც ხშირად, თან ახლდა პოლიციასთან შეხლა-შემოხლა, მანქანების დაწვა და შენობებზე იერიშის მიტანა. ამ ფონზე, გასული კვირის განმავლობაში, ჯამში 3,000-ზე მეტი ადამიანი დააკვეს.
მიმდინარე კრიზისის ფონზე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაანონსა, რომ ეროვნული ასამბლეის ორივე პალატის წარმომადგენლებს შეხვდება. გარდა ამისა, ცოტა ხნით ადრე, მან გერმანელ კოლეგასთან დაგეგმილი შეხვედრა გადადო.
ცნობილია ისიც, რომ ეროვნული ასამბლეის წევრების შემდეგ, იმ 220 ფრანგული ქალაქის მერს შეხვდება, სადაც პროტესტი მწვავე ფორმებით მიმდინარეობდა.
პრეზიდენტის გეგმას წინ უძღვოდა უსაფრთხოების საკითხზე სპეციალურად გამართული შეხვედრა, რომელიც კვირა ღამეს შედგა.
კრიზისის სიმწვავეზე ისიც მიუთითებს, რომ გასული სამი ღამის განმავლობაში, ჟანდარმერიისა და პოლიციის 45,000 თანამშრომელი იყო მობილიზებული, როგორც ამას საფრანგეთის შსს-ს მინისტრი ადასტურებს.
ძალადობის შესამცირებლად, ავტობუსებისა და ტრავმაის გადაადგილება საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში 9 საათის შემდეგ აიკრძალა, ხოლო დიდი ზომის პიროტექნიკის გაყიდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა.