საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე კატარს ეწვია

 

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი მუჰამად ბინ სალმანი კატარის დედაქალაქ დოჰას ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

ბინ სალმანი კატარის ამირა თამიმ ბინ ჰამად ას-სანის შეხვდება.

საუდელი პრინცის დოჰაში ვიზიტი სპარსეთის ყურის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სრულ ნორმალიზაციას მოასწავებს.

2017 წლის ივნისში საუდის არაბეთმა და ყურის სხვა ქვეყნებმა კატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს.

ერ-რიადმა მაშინ კატარის მონარქს რადიკალური ისლამისტური ჯგუფების - მათ შორის მუსლიმი ძმების - მხარდაჭერასა და ირანთან ახლო კავშირში დასდო ბრალი.

საუდის არაბეთმა, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა, ბაჰრეინმა და ეგვიპტემ კატარს ეკონომიკური ბლოკადა გამოუცხადეს და დოჰას საჰაერო ზონა ჩაუკეტეს, კატარის მოქალაქეები კი გააძევეს.

რეგიონული შუღლი ოთხი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. 2021 წლის იანვარში საუდის არაბეთის ქალაქ ალ-ულაში მხარეები ბლოკადის გაუქმებასა და ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ.

ბინ სალმანის დიპლომატიურ ტურნეს წინ დოჰაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტი უსწრებდა. საუდის არაბეთსა და რეგიონის კიდევ ერთ გავლენიან მოთამაშეს, თურქეთს შორის ურთიერთობები 2018 წელს, ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შემდეგ დაიძაბა. ანალიტიკოსები თვლიან, რომ კატარმა შესაძლოა ორ სუნიტურ ქვეყანას შორის შუამავლის როლი იკისროს.

მსგავსი სიახლეები