შაჰინი: სწორ გზაზე დასაბრუნებლად პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას

სწორ გზაზე დასაბრუნებლად პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას, ჩვენ ველოდებით მის შემოთავაზებებს, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის საქართველოში ვიზიტის შესახებ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ისეთი ავტორიტარული ერების მზარდი აგრესიული ქმედებების ფონზე, როგორიც რუსეთია, რომელიც 16 წლის წინ შეიჭრა საქართველოში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხის უფლების მიმართ, ჰქონდეთ ქვეყანა, რომელსაც შეუძლია თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან შეხვედრების დროს ჩვენ კიდევ ერთხელ ავიღეთ ვალდებულება, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის მისწრაფებებს ევროინტეგრაციისკენ - მაგრამ ასევე განვაცხადეთ, რომ არ ვიქნებით უმოქმედოდ დემოკრატიული უკუსვლისა და შეერთებული შტატების მიმართ გამიზნული ცრუ განცხადებების ფონზე“, - აცხადებს სენატორი.

მისი თქმით, სწორ გზაზე დასაბრუნებლად პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას.

„ჩვენ უნდა ვიხილოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და კეთილსინდისიერი მცდელობები იმისთვის, რომ გაუქმდეს უცხოელი აგენტების შესახებ კანონი, რომელსაც უფრო მეტი ზიანი მოაქვს ქვეყნისთვის, ვიდრე სარგებელი ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგთან დაკავშირებით წინსვლისას. სწორ გზაზე დასაბრუნებლად პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას და ჩვენ ველოდებით მის შემოთავაზებებს“, - აცხადებს ჯინ შაჰინი.

 

 

მსგავსი სიახლეები