შარლ მიშელი: უკრაინის დამარცხება ევროპულ ღირებულებებს ეჭვქვეშ დააყენებს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, უკრაინის დამარცხება ევროპის კავშირის ღირებულებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
„უკრაინის დამარცხება არ შეიძლება იყოს ვარიანტი, რადგან ყველას კარგად გვესმის, ამას რა შედეგები შეიძლება მოყვეს. ვერავინ იწინასწარმეტყველებს, რა შიდა ვითარება იქნება რუსეთის ფედერაციაში, მაგრამ ერთი რამ ცხადია, თუ ამ ომს უკრაინა წააგებს, ჩვენი ღირებულებები უზარმაზარი რისკის ქვეშ აღმოჩნდება. არსებობს ერთი გეგმა A, მხოლოდ გეგმა A და ეს არის უკრაინის მხარდაჭერა", - შარლ მიშელი.
კითხვას, შეეძლო თუ არა ევროპას ბოლო ორი წლის განმავლობაში უკრაინის მხარდასაჭერად უფრო მეტის გაკეთება, მიშელმა ასე უპასუხა: „ბოლო წლების განმავლობაში მე გადაწყვეტილების მიღების ცენტრში ვიყავი ევროპის კავშირის 27 წევრ სახელმწიფოსთან ერთად და ფართო გლობალური ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ ბევრი გავაკეთეთ. ეს საკმარისია? ჩვენ ახლა უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც საჭიროა“.
მიმდინარე წლის ივნისში ევროპარლამენტის არჩევნებმა შესაძლოა ევროპის მასშტაბით არსებულ ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკურ გაერთიანებებს წინსვლის საშუალება მისცეს, რაც სამხედრო და ფინანსური დახმარებისთვის რეგიონულ მხარდაჭერას კიდევ უფრო მეტად გაართულებს.
უკანასკნელი გამოკითხვების შედეგების თანახმად, ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოთა მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთ-უკრაინის ომში მხარს კიევს უჭერს, თუმცა 10-დან მხოლოდ ერთი მიიჩნევს, რომ ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს. უმრავლესობის აზრით, კონფლიქტის დასრულებისთვის „კომპრომისული გადაწყვეტაა“ აუცილებელი.
„ეს ახალი არ არის - ომის დაწყების შემდეგ, ძალიან სწრაფად გაჩნდა რისკი, რომ კონფლიქტით გადაღლილობის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებოდით და ჩვენი ხალხის დარწმუნება სულ უფრო და უფრო რთული იქნებოდა. ევროპის კავშირი მაგალითს მთელ მსოფლიოს აძლევს, არა კომუნიკეებით, არამედ გადაწყვეტილებებით ფინანსური დახმარებისა და ბლოკის გაფართოების შესახებ. ჩვენ უნდა ავუხსნათ ადამიანებს, რომ როდესაც ინვესტიციას ვახორციელებთ და უკრაინის მხარდასაჭერად ფულს ვხარჯავათ, ამას ჩვენთვისაც ვაკეთებთ, რადგან ეს ინვესტიცია ევროპის კავშირის ქვეყნებში მშვიდობასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს“, - შარლ მიშელი.